თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. იაპონიაში ვირუსულ ინფექციასთან ბრძოლაში სპილენძის ბოჭკოს თხელი ფურცელს გამოიყენებენ, რომელიც საუნივერსიტეტო სტარტაპისა (GUDi) და Meisei Industry Co–ს ერთობლივი ნაწარმია, იუწყება იაპონური გამოცემა Тhe Mainichi.
East Japan venture develops copper fiber sheet that hastens virus particle inactivation https://t.co/h53bGYHWun
— The Mainichi (Japan) (@themainichi) April 10, 2020
გავრცელებული ინფორმაციით, ფურცელს სტერილიზაციის ეფექტი აქვს, რაც ვირუსის ნაწილაკებს არააქტიურს ხდის და ამასთან, სრულიად უსაფრთხოა ადამიანისთვის. გამომდინარე აქედან, იაპონელმა სწავლულებმა მისი ნიღბებზე ან საერთო სარგებლობის ნივთებზე დატანა სრულიად გამართლებულად მიიჩნიეს.
სპილენძის ფურცელს ზედაპირზე შუქმგრძნობიარე ფოტოკატალიზატორი აქვს და ყოველთვის, როცა მას სინათლე ხვდება, აქტიურდება მაღალი დაჟანგვითი თვისებების მქონე ნივთიერებები, რომლებიც ვირუსულ ნაწილაკებსა და ბაქტერიებს ანადგურებს.
ირკვევა, რომ სპილენძის ზედაპირზე კორონავირუსი მხოლოდ ოთხი საათის განმავლობაში ცოცხლობს (განსხვავებით სხვა ზედაპირებისგან, რომლებზეც, ამერიკელი და სხვა მეცნიერების დასკვნით, კორონავირუსი 48–72 საათის განმავლობაში რჩება აქტიური), ხოლო ახალი მასალა, როგორც მისი შემქმნელები ირწმუნებიან, ათასჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე თავად სპილენძი.
„ეს მასალა ახალ შესაძლებლობებს აჩენს ვირუსების მასობრივი აფეთქებების აღმოსაფხვრელად და გვსურს, მალე დავიწყოთ მისი გამოყენება“, — განაცხადა ჰიდეიუკი იტაბაშიმ, GUDi–ს აღმასრულებელმა დირექტორმა და გუნმას უნივერსიტეტის პროფესორმა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე New England Journal of Medicine–ში გამოქვეყნდა სამეცნიერო კვლევა, რომელიც ასევე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სპილენძი ეფექტურია დაავადება COVID–19–ის გამომწვევი ვირუსის, SARS-CoV-2–ის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ფაქტები მოკლედ: ის, რაც არ იცით COVID-19-ისა და მისი გამომწვევი ვირუსის შესახებ>>
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 184 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 1 777 517 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 108 862 და განკურნებულია 404 236 პაციენტი.
ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 529 887 ინფიცირებულით, მეორეზე — ესპანეთი (163 027), მესამეზე — იტალია (152 2717).
ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 68-ს შეადგენს — მათ შორისაა საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანი. ამ ნიშნულის ზღვარზეა კიდევ რამდენიმე სახელმწიფო — მათ შორის, სომხეთი 967 ინფიცირებულით.