თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ვიდეოკლიპის გავრცელების შემდეგ სახელწოდებით „STOP COVID-19 დარჩი სახლში“ მომღერალი სოფო ბედია სოციალურ ქსელში წერს, რომ უამრავ კომპლიმენტს და მილოცვას იღებს და მისთვის გაუგებარია, რატომ გამოიწვია ამხელა კრიტიკა ვიდეოკლიპმა.
მომღერალი წერს, რომ კლიპის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა მიზანშეწონილად არ მიაჩნია და მათ, ვინც ნამუშევარს აკრიტიკებს, „ტროლებად“ მოიხსენიებს.
„სირცხვილია ხალხო, ასეთი მიდგომით არაფერი გვეშველება. ჩემი და ყველა ამ სიმღერაში მონაწილე ადამიანის კეთილი სურვილია გავუფრთხილდეთ და გვიყვარდეს ერთმანეთი. სწორედ დღევანდელ პრობლემას მივუძღვენით სრულიად უწყინარი და კეთილი ვიდეორგოლი!“ – წერს სოფო ბედია.
ქართველი მომღერლების კლიპი „დარჩი სახლში“ სწორედ სოფო ბედიას ინიციატივაა, რომლის პრემიერაც გუშინ, საღამოს გია ჯაჯანიძის გადაცემაში შედგა. სოციალურ ქსელში კლიპს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.