თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. დღეისათვის არ არსებობს არც ერთი ფაქტი დაავადება COVID-19-ის კვების პროდუქტების მიღებით გადადების შესახებ, აცხადებს ოჰაიოს (აშშ) უნივერსიტეტის დოცენტი, ადამიანის ეკოლოგიის სპეციალისტი სანჯა ილიჩი. პუბლიკაციას MedicalXpress-ი აქვეყნებს.
სწავლულის თქმით, კორონავირუსი Sars-Cov-2 სხვადასხვა ზედაპირებზე ხვდება, მაგრამ მათზე არ მრავლდება — ვირუსს ცოცხალი „მფლობელი“ ესაჭიროება.
ილიჩი განმარტავს, რომ ვირუსი ორგანიზმში ჭამით კი არა, დაბინძურებულ ზედაპირთან შეხებითა და ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის. ამიტომ აუცილებელია ჰიგიენისა და სხვა აუცილებელი წესების დაცვა.
„პირველი, რაც უნდა გვახსოვდეს, ეს ისაა, რომ COVID-19 არ არის კუჭ–ნაწლავის დაავადება. ინფექცია საჭმელში არ მრავლდება“, — აცხადებს სპეციალისტი.
ამასთან, სანჯა ილიჩის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსი სხვადასხვა ზედაპირზე საკმაო ხნით რჩება, არ არის გამორიცხული, რომ პროდუქტის ყიდვისას შინ ინფექცია მიიტანოთ. ამიტომ აუცილებელია როგორც ხელების დაბანა–დამუშავება, ისე კვების პროდუქტების — ხილისა და ბოსტნეულის გულდასმით გარეცხვა.
„გარეცხეთ და დეზინფექცია გაუკეთეთ შეფუთულ პროდუქტებსაც — იქნება ეს კონსერვები თუ პაკეტირებული პროდუქტები, მაგალითად, წვენები ან ჩიპსები და კრეკერები“, — აზუსტებს სანჯა ილიჩი.
სპეციალისტის თქმით, ასევე საჭიროა გვახსოვდეს, რომ ხელების სპეციალური ხსნარით დეზინფექციას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ მას დაბანილ ხელებზე დავისხამთ.
„გახსოვდეთ, მადეზინფიცირებელ საშუალებას ეფექტი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ მას სუფთა ხელებზე ისხამთ“, — განმარტავს ის.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 184 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 1 601 984 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 95 731 და განკურნებულია 355 066 პაციენტი.
ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 466 033 ინფიცირებულით, მეორეზე — ესპანეთი (153 222), მესამეზე — იტალია (143 626).
ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 63-ს შეადგენს. ამ ნიშნულის ზღვარზეა კიდევ რამდენიმე სახელმწიფო.