თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საქველმოქმედო ორგანიზაცია Medical Detection Dogs, რომელმაც უკვე ასწავლა ძაღლებს მალარიის, კიბოსა და პარკინსონის დაავადებების სუნის ამოცნობა, დარემის უნივერსიტეტისა და ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის (LSHTM) სპეციალისტებთან ერთად, მათთვის COVID-19-ის ამოცნობის სწავლებას იწყებს, იუწყება BBC.
BBC News - Coronavirus: Dogs to be trained to detect virus https://t.co/DIVlvk40O7
— Volley_On (@volley_on) April 3, 2020
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ძაღლები იმ შემთხვევაშიც კი შეძლებენ კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის გამოვლენას, თუ მას სიმპტომები არ ექნება.
„ჩვენ, პრინციპში, დარწმუნებული ვართ, რომ ძაღლები Covid-19-ის აღმოჩენას შეძლებენ“, — განაცხადა საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა კლერ გოსტმა.
აღსანიშნავია, რომ ძაღლებს ასევე შეასწავლიან იმ ადამიანების ამოცნობას, რომლებსაც სხეულის ტემპერატურა აწეული აქვთ. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ძაღლები მაქსიმუმ ორ თვეში იქნებიან მზად Covid-19-თან საბრძოლველად.
ამასთან, როგორც LSHTM-ის პროფესორი ჯეიმს ლოგანი აცხადებს, კვლევებით დადგენილია, რომ ძაღლები მალარიის ინფექციის არსებობას იმაზე ბევრად ზუსტად განსაზღვრავენ, ვიდრე ამას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დიაგნოსტიკის სტანდარტები მოითხოვს.
დერემის უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა პროფესორი სტივ ლინდეი აცხადებს, რომ გაწვრთნილი მზვერავი ძაღლების გამოყენება შეიძლება აეროპორტებში, სადაც ისინი სწრაფად და ბევრად ეფექტურად დააფიქსირებენ ვირუსის მატარებელ ადამიანებს. ეს კი მნიშვნელოვნად შემცირებს ინფექციის გავრცელების რისკებს.