თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის გამო გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის თანამშრომელთა მუშაობას საფრთხე შეექმნება, ამისთვის უკვე ორგანიზებულია ორი დამატებითი ლოკაცია, სადაც ისინი გადავლენ და მუშაობას გააგრძელებენ, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან.
გომელაურის თქმით, ცენტრის თანამშრომლებს რეგულარულად უსინჯავენ ტემპერატურას, ამასთან ისინი აღჭურვილი არიან დამცავი საშუალებებით.
„დატვირთვის ნამდვილად არ გვეშინია, კიდევ სხვადასხვა ლოკაციები გვაქვს მოწყობილი. ყველას უზომავენ სიცხეს, დამცავი საშუალებებიც არის. თუმცა, მაინც რომ მოხდეს და აქ კერა აღმოჩნდეს, გვაქვს კიდევ ორი დამატებითი ლოკაცია გამზადებული, სადაც შეგვიძლია ავტომატურად გადავიდეთ და იქიდან გავაგრძელოთ მუშაობა”, - განაცხადა გომელაურმა.
უწყების პირველი პირის განმარტებით, ცენტრში მუშაობის დატვირთულ გრაფიკს არ უფრთხიან, თანამშრომლები მობილიზებული არიან და გამოწვევებს გაუმკლავდებიან.