თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ ხარების დღესასწაულზე წირვის დროს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები რელიგიური თვალსაზრისით ახსნა.
ღვთისმსახურება სამების ტაძარში აღევლინა. მღვდელმსახურმა ქადაგების უდიდესი ნაწილი მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის პრობლემას მიუძღვნა.
„ყოველმა ჩვენგანმა უნდა მივიღოთ ქრისტე ჩვენს გულში, რადგან ადამიანი – ეს არის ტაძარი ღვთისა, და უფალი უნდა აღორძინდეს, გაძლიერდეს და ჩვენს სულში უნდა ჩაისახოს, ამაზე მეტყველებს დღევანდელი დღე... რატომ ხდება ეს? იმისთვის, რომ უფალი იშვას ჩვენს სულში, ჩვენს გულში, ეს ხდება დიდი განსაცდელების შედეგად. ასე არის ეს ცხოვრება მოწყობილი. დავფიქრდეთ დღეს ამაზე, გავიაზროთ“, – განაცხადა მეუფე შიომ და მრევლს პატრიარქის მილოცვა გადასცა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხარების დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას ვერ დაესწრო, წირვა მეუფე შიომ აღავლინა.
იმნაძე: დავიცვათ ჩვენი დედა ეკლესია, დავიცვათ მღვდელმთავრები ეკლესიაში არმისვლით>>
პატრიარქს ოდნავ მაღალი არტერიული წნევა ჰქონდა და ექიმებმა მას სახლში დარჩენა ურჩიეს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინიფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 195-ს მიაღწია. აქედან გამოჯანმრთელდა 39, გარდაიცვალა – ორი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4708 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 370 პაციენტია.