თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მეზღვაურებს მათი კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ვადას გაუხანგრძლივებს, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების შედეგად საზღვაო სფეროში ერთ-ერთ უმწვავეს გამოწვევად მეზღვაურთა გემზე შეცვლის პროცესი გახდა.
„შექმნილი გამოწვევიდან გამომდინარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ შეიმუშავა რეგულაციები, რომელთა მიზანსაც ქართველი მეზღვაურების ინტერესების დაცვა და მათთვის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ვადიანობის გაგრძელება წარმოადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ყველა მეზღვაურის საბუთი (კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი /კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი / მეზღვაურის წიგნაკი), რომლის მოქმედების ვადაც 2020 წლის 1 სექტემბრამდე იწურება, ავტომატურად ჩაითვლება 6 თვის ვადით გაგრძელებულად. ამავე ვადით ავტომატურად იქნება გაგრძელებული გემზე მყოფი ყველა მეზღვაურის სამედიცინო მოწმობაც, რომლის მოქმედების ვადაც 2020 წლის 1 იანვრის შემდეგ ამოიწურა.
რაც შეეხება იმ მეზღვაურებს, რომელთა კომპეტენციის ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატების მოქმედების ვადა COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების პერიოდში იწურება და რომლებიც დარეგისტრირებული იყვნენ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე, რომლის ჩატარებაც კორონავირუსის გამო შეიზღუდა, მათ სერტიფიკატის გასაახლებლად განაცხადი 2020 წლის 22 აპრილიდან შეუძლიათ გაგზავნონ.
სააგენტო ყველა ასეთ მეზღვაურზე შესაბამისი ვადიანობის სერტიფიკატებს გასცემს. ამ უფლებით სარგებლობისთვის მეზღვაური ვალდებულია წარადგინოს მტკიცებულება, რომ იგი დარეგისტრირებულია შესაბამის საწვრთნელ ცენტრში, შესაბამის საწვრთნელ კურსზე.
უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) სამდივნოს მეშვეობით ეცნობება.