თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. კორონავირუსი ინფექციაა, რომელიც ყველამ უნდა მოიხადოს, განაცხადა თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.
7 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 195-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 39, გარდაიცვალა 2. კარანტინში იმყოფება 4708 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 370 პაციენტია.
რატიანის განცხადებით, ამ ვირუსის სტრატეგია მსოფლიოს წამყვანი მეცნიერებისთვის უცნობია, თუმცა, ის კაცობრიობისთვის მოსახდელი დაავადებაა.
„ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ჩვენთვისაც, მსოფლიოში წამყვანი მეცნიერებისთვისაც ამ ვირუსის სტრატეგია არის უცნობი. მხოლოდ და მხოლოდ ვიცით ერთ რამ – ეს მოსახდელი დაავადებაა, აუცილებლად უნდა მოიხადოს ეს ვირუსი კაცობრიობამ, 80%-მა კლინიკური ფორმით, 20%-მა – საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.
მისი სიტყვებით, მსოფლიოში BCG–ვაქცინის ბუმია. არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანები, რომელთაც BCG აცრა აქვთ გაკეთებული, ვირუსს შედარებით მსუბუქ ფორმაში გადაიტანენ.
„ალბათ ჩვენს ქვეყანას გაუმართლა კალენდარულ აცრებთან დაკავშირებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა მსუბუქად გადაივლის ამ პანდემიას. ჩატარებულია BCG ვაქცინაცია, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის დიდი დამსახურებაა“, – განაცხადა მან.
რატიანმა ასევე ისაუბრა საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის შესახებ. მისი სიტყვებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ექვსი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მათგან სამი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
სულ კლინიკაში 66 პაციენტი იმყოფება, მათგან 52 კორონავირუსით ინფიცირებულია.
რატიანმა ასევე აღნიშნა, რომ კლინიკის მედპერსონალს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და არც ერთ მათგანს ვირუსი არ გამოუვლინდა.
საქართველოში დღეისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 195-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 39, გარდაიცვალა 2, კარანტინში იმყოფება 4 708 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 370 პაციენტია.