საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ გამოჯანმრთელებული პაციენტების პლაზმას გამოიყენებს, განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია, სამუშაო შეხვედრები და უმოკლეს დროში ვგეგმავთ ასეთი პლაზმის დამზადებას, თუმცა ეს ტექნოლოგიურად რთულია. მან უნდა გაიაროს გარკვეული პროცედურები, მისი უსაფრთხოება უნდა შემოწმდეს ამერიკულ FDA-სთან ერთად და მხოლოდ შემდეგ იქნება შესაძლებელი გამოყენება... საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც ამას გამოიყენებს“, - განაცხადა ცერცვაძემ, წერს გაზეთი „ალია“.
რატომ მოიმატა ქალების მიმართ ძალადობამ
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და კომენდანტის საათის დაწესების შემდეგ საქართველოში არსებული რთული ფემიციდური ფონი კიდევ უფრო დამძიმდა, ამტკიცებენ უფლებადამცველები.
ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარის“ თავმჯდომარის, ბაია პატარაიას სიტყვებით, ბოლო სამ კვირაში მათთან დარეკა 60-მდე ქალმა და ყოველდღიურ ძალადობაში დაადანაშაულა ქმრები, ძმები, მამები და შვილები. ძალადობის მსხვერპლ ქალებს კი სახლიდან გაქცევის შესაძლებლობაც არ აქვთ და დახმარებას ითხოვენ.
„ცნობილია, რომ ქალების მიმართ ძალადობა კარანტინის პირობებში იზრდება და ბუნებრივია, ჩვენი ქვეყანა გამონაკლისი არ არის“, - განუცხადა პატარაიამ „რეზონანსს“.
უფლებადამცველი ფიქრობს, რომ ამ თვალსაზრისით ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება და ამბობს, რომ ბევრ ადამიანს ისედაც უჭირს იზოლაციაში ცხოვრება, მით უმეტეს, ეს მდგომარეობა ძალადობისკენ მიდრეკილი ადამიანების პროვოცირებას ახდენს.
უფლებადამცველი ანა აბაშიძე პოლიციელებს სთხოვს, არ დააჯარიმონ ქალები კომენდანტის საათის დარღვევისთვის, თუ ძალადობის მსხვერპლი გაქცევას მოახერხებს.
გამოცხადდება თუ არა საქართველოში აკადემიური წელი?
აკადემიური წელი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოცხადდება, თუ კორონავირუსით გამოწვეული დილემა იმდენად რთული აღმოჩნდება, რომ სწავლის ნაცვლად უფრო რთული საკითხების გადაჭრა გახდება საჭირო, განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილმა.
პანიკა, ინფიცირების შიში და ცხოვრება პანდემიის შემდეგ: სასწრაფოს ექიმის მონათხრობი >>
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხუთშაბათს აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოში აკადემიური წელი არ გამოაცხადოს, თუმცა ეს საკითხი დღის წესრიგში დგას.
„წინასწარმეტყველი არ ვარ, რომ ზუსტად ვთქვა, როდის შეიძლება გამოცხადდეს აკადემიური წელი. აუცილებლობას თავად დაინახავთ. ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მივიღებთ. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ არ გამოცხადდება“, - განუცხადა მარგველაშვილმა „რეზონანსს“.
შინაური ცხოველები კორონავირუსის გადამტანები არ არიან
ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ უპატრონო ძაღლების თავშესაფარში ყოველდღიურად რეკავენ ადამიანები და ითხოვენ მათი ძაღლები ჩავიბაროთ, რადგან ეშინიათ, რომ ისინი კორონავირუსის გადამტანები არიან.
საქართველოში კორონავირუსისგან 39 ადამიანი გამოჯანმრთელდა >>
თუ თავშესაფარში შინაური ცხოველების მიღებაზე უარს ამბობენ, ადამიანები მათ დაუფიქრებლად ქუჩაში ტოვებენ.
„მინდა მოსახლეობას მივმართო: შინაური ცხოველები - ძაღლი და კატა, კორონავირუსის გადამტანები არ არიან. ადამიანს სახლში მცხოვრები შინაური ცხოველისგან არავითარი საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა ელიზბარაშვილმა, წერს გაზეთი „რეზონანსი“.