თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. აღმოსავლეთ საქართველოში აცივდება – კავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან 7–8 აპრილს მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
7 აპრილს ნავარაუდევია ნალექი ბარში წვიმის, მთაში თოვლის სახით და ნისლი.
„შიდა ქართლსა და კახეთში მოსალოდნელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება ბარში მინუს 2,-4, მთაში მინუს 4,-6 გრადუსამდე. უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის და საშემოდგომო ხორბლის ნათესების დაზიანება გამოიწვიოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში ოთხშაბათს ქარის სიჩქარე წამში 20–25 მეტრი იქნება.
ყაზბეგში სამშაბათს მოსალოდნელია თოვლი და ნისლი, ოთხშაბათს კი გამოიდარებს – ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება მინუს 5, ხოლო დღისით – პლუს 6 გრადუსი.
მესტიაშიც მოსალოდნელია უნალექო ამინდი – ღამით იქნება მინუს 7, ხოლო დღისით – პლუს 19 გრადუსი.
სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ ბათუმშიც – ღამით იქნება პლუს 9, ხოლო დღისით – პლუს 15.
საქართველოს დედაქალაქში 7–8 აპრილს ნალექია ნავარაუდევი. თბილისში ღამით პლუს 2 გრადუსი, დღისით პლუს 6 გრადუსი იქნება.