თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ დამატებითი რეისები განსაზღვრა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, 16 აპრილს შესრულდება პარიზი-თბილისის ავიარეისი, 18 აპრილს – თელ-ავივი-თბილისის რეისი, 21 აპრილს – რომი-თბილისი რეისი. აღნიშნულ რეისებს კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ განახორციელებს.
„ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე ორი დღით ადრე, კომპანიის ვებგვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევრო. მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს“, - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მათივე ცნობით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული რეისებიდან ასევე განხორციელდება 7 აპრილი – ათენი-თბილისი; 10 აპრილი – ლარნაკა – თბილისი; 12 აპრილი – ბერლინი-თბილისი; 14 აპრილი – ამსტერდამი-თბილისი.
„მსოფლიოში COVID-19 გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით სამშობლოში დაბრუნდა 5000-მდე საქართველოს მოქალაქე. მოქალაქეების ორგანიზებული დაბრუნება მოხდა შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, იტალია, ირანი, პოლონეთი, ბულგარეთი, გერმანია, საბერძნეთი, ბელარუსი, ნიდერლანდები, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, სომხეთი“, - აღნიშნეს საქართველოს საგარეო უწყებაში.
საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლა 21 მარტიდან პრაქტიკულად მთლიანად შეწყდა. ფრენებს ახორციელებს კომპანია Georgian Airways, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები უცხოეთის ქვეყნებიდან ჩამოჰყავს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სამშობლოში 5000-მდე საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ამ დროისათვის 170-ს მიაღწია. მათგან გამოჯანმრთელდა 36 ადამიანი. ხოლო 2 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5067 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 330 პაციენტია.
საქართველოს მთავრობამ 31 მარტიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი დააწესა. ასევე ამოქმედდა კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე. 21 მარტიდან საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა.