ექიმის დაინფიცირების გამო საავადმყოფოს ასამდე თანამშრომელი იზოლაციაშია

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიექიმები
ექიმები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფექციონისტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის მეუღლეა. ანალიზი ჩატარდა მის კონტაქტში მყოფ პირებთანაც

თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. საჩხერის საავადმყოფოში ერთ-ერთ ინფექციონისტს კორონავირუსი დაუდგინდა, რის გამოც საავადმყოფოს ასამდე თანამშრომელი კლინიკაში იზოლაციაში იმყოფება, იუწყება პირველი არხი.

როგორც საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ განაცხადა, პროტოკოლის მიხედვით, მედპერსონალის ბიოლოგიური ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა, რომლის პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. 

„კლინიკის ერთ-ერთ ინფექციონისტს კორონავირუსი დაუდასტურდა და ამ ზომების მიღება სწორედ ამის შემდეგ გახდა საჭირო”, - განაცხადა ქამუშაძემ.
სამედიცინო აღჭურვილობა - Sputnik საქართველო
საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მედიკოსები კლინიკას არ დატოვებენ.

ქამუშაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის შესწავლილია ყველა კონტაქტი და ლაბორატორიაში გადაგზავნილია ინფექციონისტის ოჯახის წევრების ნიმუშები.

როგორც ქამუშაძემ აღნიშნა, ეკიპირების გარეშე მედიკოსები პაციენტებთან არ შედიან და იკვლევენ, საიდან მოხდა დაინფიცირება.

„ის ყოველთვის ეკიპირებული შედიოდა პაციენტებთან. ეკიპირების მარაგი გვაქვს. ახლა ვიკვლევთ, რომელი პაციენტისგან შეიძლება დაინფიცირებულიყო. მისი გუშინდელი პასუხი არის სუსტად დადებითი, ავიღეთ მასთან განმეორებითი ანალიზი. ანალიზი ჩატარდა მის კონტაქტში მყოფ პირებთანაც“, - განაცხადა ქამუშაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ინფექციონისტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის მეუღლეა.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 5 აპრილისთვის >>

ამ დროისთვის საჩხერეში COVID-19-ის დიაგნოზით სამი პაციენტია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

საქართველოში 5 აპრილის დილისათვის კორონავირუსით ინფიცირების 170 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 36 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ორი გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0