თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. სამედიცინო პირბადე არ წარმოადგენს თავდაცვის გარანტიას ახალი ტიპის კორონავირუსი COVID-19-სგან, განუცხადა РИА Новости ჯანმოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტარიკ იაზარევიჩმა.
ცრუ სიმპტომები: ექიმები COVID-19-ის მოჩვენებით ნიშნებს განმარტავენ >>
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვეს თვითნაკეთმა, დიზაინერულმა პირბადეებმა.
„ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. ჯანმრთელი ადამიანებისთვის პირბადეების ტარება საჭირო არ არის. იმ ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ სიმპტომები, პირბადეები სხვა ადამიანების დასაცავად უნდა ატარონ. ასევე იმ ადამიანებმა, რომლებიც ავადმყოფებს უვლიან, პირბადეები სახლში უნდა ატარონ, რადგან შეიძლება დაინფიცირდნენ“, - განაცხადა მან.
იაზარევიჩმა ხაზი გაუსვა, რომ „თავად პირბადე ვირუსისგან თავდაცვის გარანტიას ვერ წარმოადგენს“.
„ის უნდა გამოიყენებოდეს სხვა საშუალებებთან ერთად. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ პირბადის ტარებისას ადამიანებს უსაფრთხოების ცრუ შეგრძნება შეიძლება გაუჩნდეთ. ამ დროს მათ დაავიწყდებათ სხვა მნიშვნელოვანი რამ, მაგალითად ხელების დაბანა. ასევე, თუ არ იცით, სწორად როგორ უნდა ატაროთ პირბადე, თქვენ ჩვეულებრივთან შედარებით უფრო ხშირად შეეხებით თქვენს სახეს“, - აღნიშნა იაზარევიჩმა.
მან აღნიშნა, რომ საკმარისი რაოდენობით ყველა საჭირო დამცავი საშუალება პირველ რიგში ექიმებსა და მედმუშაკებს უნდა ჰქონდეთ. მათ შორის პირბადეები, სათვალეები და ხელთათმანები. ეს მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ რიგითი მოქალაქეების მიერ აღნიშნული საშუალებების მასობრივი შესყიდვა შეიზღუდება.