თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. 35 წლის სპორტსმენი, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდგინდა, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 4 აპრილისთვის >>
4 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 157-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 28. კარანტინში იმყოფება 5526 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 344 პაციენტია. დღეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული მკლავჭიდელი ბოლო დღეების განმავლობაში სამეგრელოს რეგიონსა და თბილისში იმყოფებოდა. რეგიონში მისი კონტაქტების ნაწილი მოძიებულია და 20-ზე მეტი ადამიანი ანაკლიაში, საკარანტინო სივრცეში არის გადაყვანილი. კონტაქტების შესწავლა ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.
„ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელსაც დაუდასტურდა კორონავირუსი და რომელიც ამჟამად თბილისში, კლინიკაში იმყოფება, 27 მარტს იმყოფებოდა ჩვენს რეგიონში. რამდენიმე ადგილზე ფიქსირდება მისი კონტაქტები, როგორც ზუგდიდში, წალენჯიხის რაიონის ორ სოფელში, ასევე, ჩხოროწყუს რაიონში. ყველა ამ კონტაქტების უმრავლესობა უკვე გამოვლენილია“, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგა გულორდავამაც და მოსახლეობას მოუწოდა, მაქსიმალურად თავი შეიკავონ გადაადგილებისა და თავშეყრის ადგილებისაგან, თუ ამის აუცილებელი საჭიროება არ არსებობს.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა.