თბილისი, 3 აპრილი - Sputnik. მარნეულში არსებულ საველე ჰოსპიტალს დეზინფექცია ჩაუტარდა და მისი დემონტაჟი განხორციელდა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი მარნეულში 23 მარტს, საკარანტინო ზონის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაიხსნა. გახსნიდან დღემდე ჰოსპიტალში შემოწმება 200-მდე პაციენტმა გაიარა.
საველე ჰოსპიტალის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ სამედიცინო ცენტრ „ჯეო ჰოსპიტალსში“ კარანტინის რეჟიმის მოხსნის გამო მიიღო.
„გამომდინარე იქიდან, რომ მარნეულში არსებულ სამედიცინო ცენტრ „ჯეო ჰოსპიტალსში“ კარანტინის რეჟიმი მოხსნილია და კლინიკა, საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში პაციენტების მიმღები მთავარი დაწესებულება იქნება, მარნეულში 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას წყვეტს“, – ნათქვამია განცხადებაში.
საველე ჰოსპიტლის ფუნქციონირებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უზრუნველყოფდა.
3 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 148-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 27, კარანტინში იმყოფება 5392 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 319 პაციენტია.
საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და 21 აპრილამდე გაგრძელდება. 23 მარტს კი მარნეულსა და ბოლნისში კორონავირუსის სწრაფი გავრცელების საფრთხის გამო კარანტინი ამოქმედდა. მოსახლეობას მუნიციპალიტეტების დატოვება აეკრძალა.
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი 31 მარტიდან მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.