თბილისი, 3 აპრილი - Sputnik. ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები ფულს დეზინფექციას უტარებენ, მაგრამ ფულის ხელში გადაცემისას, ის შეიძლება ინფექციის გადამდები იყოს, განაცხადა დაავადებთა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.
პაატა იმნაძე მოსახლეობას ნაღდი ფულის გამოყენებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და სახლის პირობებში ფულის ბანკნოტების დეზინფექციას სადეზინფექციო ხსნარებისა და ცხელი უთოს გამოყენებით ურჩევს.
„ხელიდან ხელში ნებისმიერი ნივთი შეიძლება, იყოს საფრთხის შემცველი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს საფრთხილოა. ინდივიდუალურ პირობებშიც შესაძლებელია ფულის დამუშავება, ეს იქნება სადეზინფექციო ხსნარები, თუ ცხელი უთოს გამოყენება, საკმაოდ ეფექტიანი იქნება“, – განაცხადა იმნაძემ.
მანამდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ 16 მარტიდან ბანკი ლარის ბანკნოტებსა და მონეტებთან მიმართებაში საკარანტინო ზომებს ახორციელებს. კერძოდ, მიმოქცევიდან შემოსული ლარის ფულის ნიშნები საკასო ცენტრში თავსდება, ინახება ცალკე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე როგორც მინიმუმ 14 დღის განმავლობაში და მათი გაცემა მხოლოდ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ხდება.
3 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 148-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 27, კარანტინში იმყოფება 5392 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 319 პაციენტია.
საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და 21 აპრილამდე გაგრძელდება. 23 მარტს კი მარნეულსა და ბოლნისში კორონავირუსის სწრაფი გავრცელების საფრთხის გამო კარანტინი ამოქმედდა. მოსახლეობას მუნიციპალიტეტების დატოვება აეკრძალა.
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი 31 მარტიდან მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.