თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელები გიორგი ქვილითაია და გიორგი ჩაკვეტაძე, რომლებიც „გენტის“ შემადგენლობაში თამაშობენ, ბელგიის ვიცე–ჩემპიონები გახდნენ.
„ჟიუპილერ-ლიგის“ (ქვეყნის უმაღლესი დივიზიონი) ხელმძღვანელობამ კორონავირუსის პანდემიის გამო ჩემპიონატის შეწყვეტა და კლუბებისთვის სატურნირო ცხრილში ადგილების შენარჩუნება გადაწყვიტა. ამიტომაც ჩატარებული 29 ტურის შემდეგ ჩემპიონი „ბრიუგე“ გახდა, რომელმაც ამ დროისთვის 70 ქულა მოიპოვა. „გენტმა“ (55 ქულა) მეორე ადგილი დაიკავა, მესამე ადგილზე კი „შარლერუაა“ (54).
„ჩემპიონატის შეჩერება – ერთადერთი სოციალურად სწორი გადაწყვეტილება. ახლა ქვეყანას სხვა პრიორიტეტები აქვს, ვიდრე ფეხბურთია“, – ციტირებს „ჟიუპილერ-ლიგის“ პრეზიდენტის პიტერ კრუნენის სიტყვებს ორგანიზაციის პრეს–სამსახური.
ადგილების ასეთი გადანაწილება ნიშნავს, რომ „ბრიუგე“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, „გენტი“ კი საკვალიფიკაციო ტურნირში.
თუმცა, შესაძლებელია ასე არც მოხდეს, რამდენადაც უეფაში განიხილავენ ევროთასებზე იმ კლუბების მონაწილეობაზე უარის თქმის საკითხს, რომლებმაც ეროვნული ჩემპიონატები ბოლომდე არ ჩაატარეს. ამის შესახებ იუწყება სააგენტო RFI. ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას უეფას გენერალური ასამბლეა 15 აპრილს მიიღებს.
ქვილითაია „გენტის“ სახელით 2018 წლის ზაფხულიდან ასპარეზობს. ქართველმა თავდამსხმელმა ყველა ტურნირში 46 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც შვიდი გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, იგი „გენტის“ რიგებში თითქმის მესამე წელია თამაშობს, თუმცა შარშან დიდი ხანი გაუცდა ტრავმის გამო. მის ანგარიშზეა 62 თამაში, შვიდი გოლი და 13 შედეგიანი გადაცემა.