იმნაძე: ინფიცირებულია ხანდაზმული, რომელიც პრაქტიკულად სახლიდან არ გადიოდა

გამოწერა
3 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 148-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 27 ადამიანი.

თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი შემთხვევა, დანარჩენები ე.წ. ბანკის საცავის კლასტერის გაგრძელებაა, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 

საავადმყოფოს დერეფანი - Sputnik საქართველო
სრული მზადყოფნა: პრემიერმა ჯანდაცვის სამინისტროს ახალი დავალებები მისცა

3 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 148-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 27, კარანტინში იმყოფება 5392 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 319 პაციენტია.

„ერთი შემთხვევა გვაქვს ამ ეტაპზე, რომლის ინტენსიური კვლევა მიმდინარეობს. საქმე გვაქვს ხანდაზმულ პაცინეტთან, რომელიც პრაქტიკულად სახლიდან არ გამოდიოდა და მხოლოდ შვილი და შვილიშვილი მოძრაობდნენ გარეთ. ამიტომ ამ შემთხვევის მოკვლევას ველოდებით განსაკუთრებით ყურადღებით“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მოქალაქეების რაღაც ნაწილი მაინც ვერ იაზრებს, რასთან გვაქვს საქმე, რა შეიძლება მოხდეს ქვეყანაში, თუ მაქსიმალურად არ დავემორჩილებით რჩევებს, საკარანტინო ზომებს, რომელიც უკვე გამოცხადებულია ქვეყანაში.

კითხვაზე, რუსთავში ინფიცირების ფაქტიდან გამომდინარე, ხომ არ იგეგმება რუსთავში საკარანტინო რეჟიმის გამკაცრება, იმნაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე შეზღუდვების გამკაცრების საჭიროება არ დგას. 

მაია ცქიტიშვილი - Sputnik საქართველო
ვიცე-პრემიერი კორონავირუსთან დაკავშირებით დამატებითი ზომების მიღებას არ გამორიცხავს

„მთელ საქართველოში მოქმედებს საკმაოდ მკაცრი საკარანტინო ზომები. საკარანტინო ზონებში თუ იქნება მისაღები რაიმე ღონისძიებები, ეს უკვე აღარ შეეხება ასე ლოკალურად ცალკე დასახლებებს, ლოკალურად ქალაქებს. შეიძლება მთლიანად ქვეყანაში გამკაცრდეს საკარანტინო ზომები“, – განაცხადა იმნაძემ.

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და ის 21 აპრილამდე გაგრძელდება. 31 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმიც მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საკარანტინო რეჟიმის ფარგლებში ქვეყნის ცხრა ქალაქის – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, რუსთავი, გორი, თელავი, ახალციხე – შესასვლელებში მოეწყო საკონტროლო-გამშვები პუნქტები, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თავდაცვის ძალებთან ერთად პირთა გადაადგილებას და კარანტინის წესების პირობების შესრულებას აკონტროლებენ.

ქვეყანაში, გარდა ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტისა, გაუქმებულია საქალაქთაშორისო ავტობუსებით და რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა, ასევე შიდა ავიარეისები.

ხელისუფლება ცდილობს შეაკავოს კორონავირუსის გავრცელება და სოციალური იზოლაციის ხელშეწყობისათვის პერიოდულად ახალ-ახალ შეზღუდვებს აწესებს. სოციალურ ქსელებში აქტიურია მოძრაობა „დარჩი სახლში“.

ყველა ახალი ამბავი
0