თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. მთელ მსოფლიოში კორონავირუსით მილიონამდე დაინფიცირების შემთხვევებიდან არც ერთი არ არის დადასტურებული, რომ ინფექცია ადამიანს სისხლით გადაეცა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.
ჯანდაცვის სამინისტრო სისხლის დონორთა მობილიზაციას აცხადებს>>
მისი თქმით, სანამ დონორს სპეციალურ ბაზაში შეიყვანენ, მას მკაცრად ამოწმებენ. უსვამენ დეტალურ კითხვებს, იკვლევენ, უზომავენ ტემპერატურას. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის შემდეგ დონორებს დამატებით კითხვებს უსვამენ.
გარდა ამისა, დონორების გამოკვლევისას საქართველოში იყენებენ ე.წ. NAT–ტესტებს (Nucleic Acid Tests), რომლებიც ვირუსის ნუკლეინის მჟავების არსებობის გამოვლენის საშუალებას იძლევა.
დონორის სისხლის ტესტებით სკრინინგმა აივ და С ჰეპატიტით ინფიცირების რისკი ორ მილიონზე ერთ შემთხვევამდე დაიყვანა.
იმნაძის განცხადებით, NAT–ტესტებს მხოლოდ ის ქვეყნები იყენებენ, სადაც ჯანდაცვის სისტემა ძალიან მაღალ დონეზეა განვითარებული.
„ჯერჯერობით არსად მსოფლიოში ამ NAT–ტესტებში COVID-19-ზე ტესტირება ჩამატებული არ არის. ამ ტექნოლოგიას მხოლოდ ძალიან მაღალგანვითარებული ქვეყნები იყენებენ. რა თქმა უნდა, ჩვენთანაც დაემატება, მაგრამ ჯერ მსოფლიოში არსად ხდება“, – განაცხადა იმნაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო დროს სისხლის ბანკის მარაგებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა და საჭიროა ამ დეფიციტის აღმოფხვრა.
მან მოუწოდა დონორებს, ჯანმრთელ მოქალაქეებს, რომლებსაც შეუძლიათ სისხლის ჩაბარება, შეავსონ სისხლის ბანკის მარაგი, რაც ძალზე საჭიროა სახელმწიფოსთვის.