თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. საქართველოს განათლების სამინისტრო კარანტინის პერიოდში დისტანციური სწავლების პროცესის გაუმჯობესებისთვის სკოლებს ონლაინ–სწავლების ალტერნატიულ პლატფორმას Feedc Edu სთავაზობს.
ახალი კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე შეჩერდა. როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.
Feedc Edu-ს უფასოდ გადმოწერა ნებისმიერ სმარტფონშია შესაძლებელი. მას არ სჭირდება მაღალი სიჩქარის ინტერნეტი. მასზე შესაძლებელია დავალებების გაზიარება, ფაილების ატვირთვა/ჩამორტვირთვა და ჯგუფური მეცადინეობის წარმართვა.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, Feedc Edu პლატფორმით სარგებლობა მარტივია როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლისა და მშობლისთვის. პროგრამაში დარეგისტრირება მობილური ტელეფონით არის შესაძლებელი.
პროგრამის გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში მომხმარებელს დახმარებას პლატფორმის ტექნიკური ჯგუფი Feedc Edu-ზე არსებული „ჩათის“ მეშვეობით ონლაინ–რეჟიმში გაუწევს.
გარდა ამისა, პლატფორმით სარგებლობის წესების შესახებ ინფორმაციის მიღების მსურველებმა შეკითხვები უნდა გაგზავნონ ელ. ფოსტაზე edu@feedc.com, ან დარეკონ ნომერზე +995 555 458 417.
30 მარტს განათლების სამინისტრომ უკვე დაიწყო პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც მოწოდებულია საგანგებო მდგომარეობის დროს მოსწავლეებს დისტანციურად დაეხმაროს პროგრამის ათვისებაში. იგი ითვალისწინებს ტელეგაკვეთილებს ყველა კლასის მოსწავლეებისთვის.
პროექტი „ტელესკოლა“ მოიცავს საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დისციპლინებს. პროექტ „ტელესკოლისთვის“ სპეციალურად შეირჩნენ პედაგოგები როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებიდან. გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული). ტელეგაკვეთილები უზრუნველყოფილი იქნება სურდოთარგმანით.