თბილისი, 31 მარტი - Sputnik. იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც ტექნისპექტირების გავლა საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში უწევდათ, ამ პროცედურისთვის საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ 60 კალენდარული დღე ექნებათ.
ადრე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ შექმნილ საგანგებო ვითარების პერიოდში ჯერჯერობით არ დაჯარიმდებიან ის მძღოლები, რომლებმაც ტექდათვალიერება ვერ გაიარეს.
შესაბამისი ცვლილება „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებაში შევიდა.
დოკუმენტის მიხედვით, ეს ეხება როგორც პირველად, ასევე განმეორებით ტექნიკურ ინსპექტირებას.
ცვლილებების მიხედვით, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, რომლის ვადა შეჩერდა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, უნდა ჩატარდეს საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან არა უგვიანეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში.
ასევე, თუ განმეორებითი ინსპექტირების ვადა ემთხვევა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადას, სატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირება აღნიშნულ 60 კალენდარული დღის ვადაში იმავე ინსპექტირების ცენტრში, რომელშიც ჩატარდა პირველადი ინსპექტირება, თავისუფლდება მომსახურების საფასურისაგან.
პერიოდული სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე შემოწმდა სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3.5 ტ-ის ზემოთ) ავტომობილები; 1 ივლისიდან – სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები; 1 ოქტომბრიდან – 3 000 სმ3 და უფრო დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილები. 2019 წლის 1 იანვრიდან კი ტექდათვალიერების გავლა ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო გახდა.
კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 მარტს საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა.