თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დინამიკის ზრდას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შემაშფოთებელს უწოდებს.
როგორც პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანაში ინფიცირების ისეთი სამი შემთხვევაა დაფიქსირებული, როდესაც ვირუსის გადადების წყაროს დადგენა სპეციალისტებმა ვერ შეძლეს. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში დაიწყო ე.წ. მეოთხეული გადაცემა, რა დროსაც ინფიცირებულმა არ იცის, ვისგან ან სად დაინფიცირდა.
„დღეს, ბოლო მონაცემებით, ჩვენ საქართველოში გვყავს უკვე 100 ინფიცირებული. იმის მიუხედავად, რომ ამასთან ერთად გვყავს 18 გამოჯანმრთელებული, ინფიცირების ზრდის დინამიკა არის შემაშფოთებელი. დღეს გვაქვს სამი შემთხვევა, რომლის წარმომავლობასაც ვერ ვადგენთ. მოგეხსენებათ, როდესაც მსგავსი ინფიცირების პირველი შემთხვევა იყო მარნეულში, ჩვენ საგანგებო ღონისძიებები მივიღეთ და მარნეული და ბოლნისი გამოცხადდა საკარანტინო ზონად. დღეს გვაქვს სამი ასეთი შემთხვევა. სამწუხაროდ, ამასთან ერთად გვაქვს ერთი შემთხვევა, როდესაც სამედიცინო სექტორის თანამშრომელია ინფიცირებული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის განმარტებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ქვეყანა მხოლოდ ექიმების და სახელმწიფო უწყებების მუშაობით ვერ გაიმარჯვებს, თუ არ გამოცხადდა საერთო მობილიზაცია. თუმცა, მისი სიტყვებით, ზოგიერთ მოქალაქეს მდგომარეობის სიმძიმე გათვიცნობიერებული არ აქვს.
„ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ბრძოლაში, რომელიც არის გლობალური, შეგვიძლია გავიმარჯვოთ არა მარტო მედიკოსების გმირული ყოველდღიური 24-საათიანი შრომით, არა მარტო სახელმწიფო უწყებების, პოლიციის შრომით, არამედ ერთგვარი შეთანხმებით ჩვენს მოქალაქეებთან, რომ ეს არის ერთობლივი გამოწვევა, რომელსაც ჩვენ ერთობლივად უნდა ვუპასუხოთ. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ, სამწუხაროდ, ყველა ჩვენს მოქალაქეს არ აქვს ბოლომდე გათვითცნობიერებული მდგომარეობის სიმძიმე და ის რისკები, რომელიც შეიძლება არსებობდეს თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე“, – განაცხადა გახარიამ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 18. კარანტინში რჩება 4978 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 266 პაციენტია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრფინგზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმის შემოღების შესახებ განაცხადა. გადაწყვეტილება ძალაში 31 მარტის 08:00 საათიდან შევა.
21:00 საათიდან 06:00 საათამდე კი კომენდანტის საათი ამოქმედდება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სრულად შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, ტაქსის მძღოლებისთვის მკაცრი რეგლამენტი დაწესდა: ნებადართულია ერთდროულად მხოლოდ ორი მგზავრის მომსახურება. დაიკეტა ქალაქები თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი და რუსთავი.
ყველა მოქალაქე ვალდებულია ქუჩაში გადაადგილებისას თან ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 21 აპრილამდე გასტანს.
23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონად გამოცხადდა.