თბილისი, 28 მარტი - Sputnik. საქართველოს თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის საზღვრებში ავტობუსების მოძრაობა აიკრძალა, ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.
ამირან გამყრელიძე: „დიდი ალბათობით ქვეყანაში შიდა გავრცელების პრეცედენტი გვაქვს“ >>
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრებში დაინიშნება ავტობუსების სპეციალური მარშრუტები, თუმცა მგზავრთა გადაყვანის განხორციელებამდე ავტობუსს დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს.
„სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ყველა პირი ვალდებულია, ყოველი გადაყვანის განხორციელებამდე არა უმეტეს 10 საათით ადრე უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია“, - ნათქვამია განცხადებაში.
21 მარტს გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით მთავრობამ 23 მარტს აკრძალა მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაზიდვები - აკრძალვა ეხება რკინიგზას, შიდა ავიარეისებს და სახმელეთო გადაზიდვებს ავტობუსებით და სამარშრუტო ტაქსებით.
რაიონიდან რაიონში გადაადგილება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით არის შესაძლებელი.
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მეტრო მუშაობს.
შეზღუდვების გარეშე ხორციელდება ტვირთის გადაზიდვები როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო ტრანსპორტით.
გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, სადაც კარანტინი მოქმედებს. ტრაილერები, რომლითაც ხდება სურსათის და პირველადი მოხმარების საგნების მიწოდება, სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება, ხოლო მძღოლებს შემოწმების შემდეგ სპეციალური სამოსი გადაეცემა.
ამ ორი მუნიციპალიტეტის შესასვლელ-გამოსასვლელებში მოეწყო 12 საკონტროლო-გამშვები პუნქტი, პოლიცია და ჯარი ყველა მეორეხარისხოვან გზას აკონტროლებს.