თბილისი, 29 მარტი — Sputnik. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებული საკარანტინო ზონები ჯამში 660-მა მოქალაქემ დატოვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
საგანგებო მდგომარეობა საქართველოში: ბოლო 24 საათში წესები ასზე მეტმა ადამიანმა დაარღვია >>
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მოწყობილ საკარანტინო ზონებში მოქალაქეები 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საკარანტინო ზონებისა და არეალების შექმნა, მოწყობა და მართვა დაევალა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ის პირები, ვინც მაღალი რისკის შემცველი ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნდნენ, ყველა გადაყვანილია სპეციალურად მოწყობილ საკარანტინო ზონებში, რომლებიც განთავსებულია სხვადასხვა რეგიონში მდებარე სასტუმროებში“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპზე 71 სასტუმროში განთავსებულია 4 700 მდე ადამიანი. სასტუმროს ნომრები სრულად არის აღჭურვილი საჭირო ინვენტარით. განთავსება მოიცავს სამჯერად კვებას, რომლის დროსაც არ ხდება მოქალაქეების უშუალო კონტაქტი მომსახურე პერსონალთან.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტების მიხედვით, სასტუმროებში დეზინფექცია თითოეულ ოთახში პიროვნების განთავსებამდე ტარდება, ასევე ოთახის დატოვების შემდეგ. პარალელურად სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება სასტუმროს მთლიან ტერიტორიაზე. ყველა საკარანტინო ზონაში ადგილზე მუდმივად მობილიზებულია ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, რომელსაც მუდმივ კონტროლზე ჰყავს კარანტინში განთავსებული ადამიანები, ხოლო საკარანტინო ზონის გარე პერიმეტრის დაცვას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის პოლიცია.
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 28 მარტისთვის >>
29 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ამ დროისათვის 91 ადამიანს მიაღწია. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4876, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 264 ადამიანია. 18 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
21 მარტიდან საქართველომ სრულად შეწყვიტა საჰაერო მიმოსვლა. ფრენები სრულდება მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და მხოლოდ „საქართველოს ავიახაზების“ მიერ. უცხოეთიდან ჩამოსული ყველა მოქალაქე სავალდებულო ორკვირიან კარანტინში თავსდება.