თბილისი, 28 მარტი - Sputnik. საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის ჯარიმისა და საურავის გადახდის ვადებმა გადაიწია, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საქართველოში 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.
შსს-ს გადაწყვეტილებით, ამ დრომდე ან საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში დაკისრებული ჯარიმის და საურავის გადახდის ვალდებულება მოქალაქეებს დაეკისრებათ მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ. ადრე ავტომობილისტები ვალდებულები იყვნენ გადაეხადათ ჯარიმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მომენტიდან ერთი თვის განმავლობაში.
მთავრობის მიერ დადგენილი საშეღავათო პერიოდი ეხება როგორც გამოწერილი ჯარიმების გადახდას, ასევე, გადაუხდელ ჯარიმებზე საურავის დარიცხვას. გადაუხდელობის გამო მძღოლებს მართვის უფლება არ შეუჩერდებათ.
რამდენიმე დღის წინ საქართველოში გაუქმდა ჯარიმა სავალდებულო ტექდათვალიერების არგავლის შემთხვევაში.
უწყებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საპატრულო პოლიცია 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და საგზაო-სატრანსპორტო სფეროში ჩადენილი ნებისმიერი სამართალდარღვევისთვის ჯარიმის გამოწერა არსებული წესით გაგრძელდება.