თბილისი, 29 მარტი – Sputnik. მომდევნო კვირების განმავლობაში საქართველო კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით თანდათან გადავა ე.წ. კრიტიკულ ფაზაში, როდესაც შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
29 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ამ დროისათვის 91 ადამიანს მიაღწია. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4876, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 264 ადამიანია. 18 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით სამი პაციენტის ინფიცირების წყარო ნაპოვნი არ არის. ეპიდემიოლოგების თვალსაზრისით, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში უკვე შიდა გავრცელების პრეცედენტი ფიქსირდება. ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების ახალ ფაზაში გადადის.
„უკვე გვაქვს რამდენიმე შემთხვევა, სამი, სადაც, ვფიქრობთ, შესაძლებელია გვაქვს უკვე შიდა გავრცელების პროცესი. აქედან ორში, დიდი ალბათობით, ერთში ალბათ მაინც გავალთ წყაროზე. ამიტომ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევედით სხვა ფაზაში. ეპიდემიის შემთხვევათა რიცხვი, ყოველთვის ვამბობდით, რომ მოიმატებდა და ასეც არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, შიდა გადაცემა საკმაოდ საგანგაშო სიგნალია, თუმცა ჯანდაცვის მხრიდან არის მცდელობა, რომ ნახტომისებური მატება არ მოხდეს.
„როდესაც ფიქსირდება ქვეყანაში შიდა გავრცელების შემთხვევა, ეს არის უკვე განგაშის სიგნალი, ამიტომ გუშინაც განვაცხადე და დღესაც ვაცხადებ, რომ ჩვენთვის მომავალი სამი-ოთხი კვირა იქნება ძალიან საფრთხილო და საგანგაშო იმ თვალსაზრისით, რომ გვექნება შემთხვევის მატება. შემთხვევების მატება რომ გვექნება, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ ვცდილობთ, როგორმე არ იყოს ნახტომისებური მატება. ჩვენ გვაქვს დღეში ვთქვათ ხუთი, შვიდი, ათი შემთხვევა, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა უძლებს, უვლის ამ ადამიანებს და საბედნიეროდ, ჯერჯერობით ადგილობრი ლეტალური შემთხვევა ჩვენ არ გვაქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, მართალია, საქართველოში არიან კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე, ასევე ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფ ავადმყოფები, მაგრამ ასევე უკვე გამოჯანმრთელებულია 18 ადამიანი და მომავალ სამ-ოთხ დღეში კიდევ რამდენიმე ადამიანი დატოვებს საავადმყოფოს.
„მაგრამ ხაზს ვუსვამ, ჩვენ უკვე პრეკრიტიკულ, პრეკრიზისული ფაზაში ვართ, ეს ფაზა ალბათ, ვფიქრობ, ამ კვირის განმავლობაში კიდევ გაგრძელდება, იქნება შემთხვევების მატება, მაგრამ შემდგომ თანდათან უკვე გადავალთ ე.წ. კრიტიკულ ფაზაში, სადაც ყველამ ერთად, სახელმწიფომ, არასამთავრობო სექტორმა, საზოგადოებამ, კერძო სექტორმა, ერთობლივი ძალიან სწორი კოორდინირებული მუშაობით უნდა ვეცადოთ, რომ ამ პერიოდში არ გვქონდეს დიდი დანაკარგები და საგრძნობლად არ დაზარალდეს ქვეყანა როგორც ადამიანური რესურსით, ასევე ეკონომიურად. ეს თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ 18 მარტიდან უცხოელებისთვის საზღვრები დაკეტა, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა. 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინი დაწესდა.
ჯანდაცვის სისტემაში მობილიზაციაა გამოცხადებული, საავადმყოფოები პაციენტების გაზრდილი ნაკადისთვის ემზადებიან. მოსახლეობას მოუწოდებენ, დაიცვან სოციალური დისტანცია და ჰიგიენის მკაცრი წესები.