თბილისი, 28 მარტი - Sputnik. იორდანიაში საქართველოს საელჩომ საქართველოს 18 მოქალაქე საკვებით და ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყო, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში აქტიურად არის ჩართული იორდანიაში მყოფი საქართველოს 18 მოქალაქის საკითხის მოგვარებაში.
„საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნას საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, ხელს უშლის სამეფოში და მსოფლიოში საჰაერო მიმოსვლაზე ამოქმედებული შეზღუდვები. ქვეყანაში დაკეტილია საჰაერო სივრცე და ფრენებს ვერ ახორციელებს ვერცერთი ავიაკომპანია. შეზღუდვა ასევე ვრცელდება საკუთარი მოქალაქეების მიღებაზე“, -ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, საქართველოს საელჩო კავშირზეა ამანში მეგობარი ქვეყნების საელჩოებთან და ყველა ზომას მიმართავს, რათა მოქალაქეებს დახმარება აღმოუჩინოს სამშობლოში დაბრუნებაში.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსულოები უცხოეთში 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურად ატყობინებს მოქალაქეებს ჩარტერული რეისების შესახებ, რომლებიც მათი სამშობლოში დასაბრუნებლად კვირაში რამდენჯერმე ხორციელდება.
21 მარტიდან საქართველომ სრულად შეწყვიტა საჰაერო მიმოსვლა. ფრენები შესრულდება მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და მხოლოდ საქართველოს ავიახაზების მიერ. უცხოეთიდან ჩამოსული ყველა მოქალაქე სავალდებულო ორკვირიან კარანტინში თავსდება.
„სრული მობილიზება უნდა გამოვაცხადოთ“: რუხის კლინიკა კორონავირუსთან ბრძოლაში ერთვება >>
საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, ხოლო 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კარანტინი გამოცხადდა.
28 მარტის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 85 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 14. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4534, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 276 ადამიანია.