კლინიკაში გადაყვანილი ხუთი ჯარისკაციდან ერთ-ერთს პნევმონია აქვს

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 21 მარტიდან საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაში არიან.

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეყვანილი ხუთი ჯარისკაციდან ოთხს ტემპერატურა აღარ აქვს, მეხუთეს კი პნევმონია აღმოაჩნდა, განაცხადა კლინიკის დირექტორმა ლალი ტურძელაძემ. 

კარანტინი მარნეულში - Sputnik საქართველო
მარნეულსა და ბოლნისში 19 ათასამდე ადამიანი შემოწმდა

კლინიკაში ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ხუთი ჯარისკაცი ვირუსის სიმპტომებით დღეს შეიყვანეს. ისინი რამდენიმე დღის წინ მარნეულში პატრულირებდნენ. ტურძელაძის განცხადებით, ჯარისკაცებს კორონავირუსზე კვლევა დღეს ჩაუტარდებათ.

„გუშინ შემოიყვანეს ხუთი ჯარისკაცი, რომელთაც აღენიშნებოდათ ტემპერატურა და ყელის ტკივილი. ოთხ ჯარისკაცს ტემპერატურა აღარ აქვს. დღეს მათი მდგომარეობა კარგია. რაც შეეხება მეხუთე ჯარისკაცს, მას აღმოაჩნდა პნევმონია და სხვა პალატაშია განთავსებული. ჩვენი ინფორმაციით, ისინი საკარანტინო ზონის შიგნით არ იყვნენ, გარე ტერიტორიაზე პატრულირებდნენ“, – განაცხადა ტურძელაძემ.

ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში აქტიურად არის ჩართული. თავდაცვის უწყების წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან შეთანხმებით 24-საათიან რეჟიმში იცავენ წესრიგს ორივე რაიონში გახსნილ 12 საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე.

დღეს თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ დღეიდან ჯარისკაცების კორონავირუსით სავარაუდო ინფიცირების შესახებ ინფორმაციას თავად უწყება გაავრცელებს. თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ყველა სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც ექნება ვირუსისთვის ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანენ. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
ეზუგბაია: მალე, შესაძლოა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდოს

„საზოგადოებამ ამ პროცესში მიმდინარე რაიმე სამედიცინო პროფილაქტიკური ღონისძიება არ უნდა შეაფასოს, როგორც ვირუსის გავრცელების დადასტურებული შემთხვევა და დაელოდონ როგორც უწყების ოფიციალურ განცხადებას, ასევე მკაფიო სამედიცინო დასკვნებს", – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, ჯარში სპეციალური ჯგუფების მიერ აქტიურად ხორციელდება ცალკეული სადეზინფექციო სამუშაოები და სამხედრო პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი შემოწმება-მონიტორინგი.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 21 მარტიდან საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაში არიან.

26 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 77 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 10. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4346, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 247 პაციენტია.

საქართველოს მთავრობამ 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონად გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის ერთ-ერთ შემთხვევას უკავშირდება – მარნეულის მკვიდრს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დედის დაკრძალვაზე და ქელეხზეც იმყოფებოდა, ვირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ქელეხზე რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა. ინფექციის წყარო კი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0