თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ტესტების ხარისხი მკაცრად კონტროლდება, შეცდომის უფლება არ გვაქვს, ასეთი პასუხი გასცა ბრიფინგზე საქართველოს ჯანმრთელობის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რატომ არ ეძლევათ კერძო კომპანიებს ქვეყნისთვის ექსპრეს–ტესტების შეძენის უფლება.
მისი სიტყვებით, რვა კომპანიამ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სააგენტოში დოკუმენტაცია უკვე შეიტანა. სააგენტომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, ოთხ ასეთ კომპანიას მისცა უფლება ქვეყანაში სწრაფი ტესტებისა და PCR-ტესტების შემოტანაზე.
„ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება და ძალზე მკაცრად ვაკონტროლებთ ტესტის ხარისხს. ამ საკითხთან დაკავშირებით ინტენსიურად მუშაობს როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ასევე რეგულირების სააგენტო“,– განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრმა ასევე განმარტა ხელისუფლება თუ რატომ გამოდის ტესტების კომერციალიზაციის წინააღმდეგ. მისი სიტყვებით, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ დღევანდელ სიტუაციაში არცერთ უწყებას ან კერძო სექტორს უფლება არ აქვს საკუთარ მოქალაქეებზე მოგება ნახოს.
აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ ტესტებზე ფიქსირებული ფასების დაწესება გადაწყვიტა. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს ტესტის ჩასატარებლად შესაბამისი ჩვენებები აღენიშნება და ექიმი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, თანხას სახელმწიფო გადაიხდის და არა მოქალაქე.
მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უკვე მადლობა გადაუხადა კერძო ლაბორატორიებს, რომლებმაც მსგავსი ტესტების ჩატარების უფლება მიიღეს. მათ ტესტები უფასოდ გადაეცათ.
„ჩვენ ტესტების საიმედოობას ყურადღებას მივაქცევთ და ამ სეგმენტს თანდათანობით გავაფართოვებთ“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგებმა 40 ათასზე მეტი ადამიანი გამოიკვლიეს.
„კორონავირუსით ინფიცირებულთა არსებული სტატისტიკა პანიკის საფუძველი არ არის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ჩვენი მობილიზაცია“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
26 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 77 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 10, კარანტინში იმყოფება 4346, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კი 247 ადამიანი.
საქართველოში 21 აპრილამდე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ბოლნისსა და მარნეულში კი საკარანტინე რეჟიმი.