კორონავირუსი საქართველოში: კუს ტბაზე მისასვლელი გზა იკეტება

გამოწერა
თბილისში, კუს ტბისა და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე ხალხმრავლობა შეინიშნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ინფექციონისტები და ეპიდემიოლოგები ერთხმად მოუწოდებენ მოსახლეობას, სოციალური დისტანცია დაიცვან

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე კუს ტბამდე მისასვლელი გზა იკეტება, იუწყება კუს ტბის ადმინისტრაცია.

კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, თბილისში, კუს ტბისა და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე ხალხმრავლობა შეინიშნებოდა, რაც დაუშვებელია. ინფექციონისტებისა და ეპიდემიოლოგების ერთ-ერთი უმთავრესი რეკომენდაცია სოციალური დისტანციის დაცვაა. ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

ტაქსის მძღოლი დამცავი ხელთათმანებით და პირბადით - Sputnik საქართველო
საგანგებო მდგომარეობა საქართველოში: ტაქსის მძღოლებს დამატებითი შეღავათი დაუწესეს

„კუს ტბაზე თუ ლისის ტბაზე თითო-თითოდ თუ ირბენთ, კარგია, მაგრამ თუ ჯგუფურად ირბენთ და თან ისაუბრებთ, ეს არ არის კარგი. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ წესი, რასაც ჯანდაცვის უწყება და იგივე დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. თუ ეს დაცვა არ იქნა, მაშინ, რა თქმა უნდა, საკოორდინაციო საბჭო უფრო გამკაცრებაზე იმსჯელებს, როგორც მაგალითად, მარნეულსა და ბოლნისში გამკაცრდა საკარანტინო ღონისძიებები“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კუს ტბისკენ მისასვლელი გზის ჩაკეტვის გადაწყვეტილება შსს-მ მიიღო.

„ჩვენი, როგორც კუს ტბის ადმინისტრაციის მიერ სახლში დარჩენის რეკომენდაციისა და გაფრთხილების მიუხედავად, ვიზიტორების გარკვეული ნაწილი მაინც სტუმრობდა ტერიტორიას და არღვევდა სოციალურ დისტანციას. იმის გამო, რომ საერთო სურათი არ შეცვლილა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა კუს ტბამდე მისასვლელი გზის ჩაკეტვა, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე“, – აღნიშნულია კუს ტბის ადმინისტრაციის განცხადებაში.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინი ამოქმედდა. მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 75-ს მიაღწია, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 055 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 10, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 252 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0