ამირან გამყრელიძე მოსახლეობას თვითიზოლაციის წესების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებს

© AP Photo / Alessandra Tarantinoკარანტინში
კარანტინში - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმერეთის რეგიონში თვითიზოლაციის ვადა დღეს 35-მა მოქალაქემ დაასრულა, საკარანტინო სივრცე სამმა მოქალაქემ დატოვა, გურიაში - შვიდმა

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. ზედმიწევნით შეასრულეთ თვითიზოლაციის და კარანტინის წესები, მოუწოდა მოქალაქეებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

„ვინც თვითიზოლაციაშია, ვთხოვ, ნუ დაარღვევენ თვითიზოლაციის წესს. ეს დარღვევები მაინც არის. თუმცა, ბევრად ნაკლები, ვიდრე იყო. განსაკუთრებით, საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემდეგ მოსახლეობა მეტად ემორჩილება კანონს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, კარანტინის თუ თვითიზოლაციის პირობებში 14 დღის დაცვის შემთხვევაში, ინფექციის გავრცელების ალბათობა მინიმუმამდეა დასული, მაგრამ მედიცინაში არაფერია ასპროცენტიანი და უკვე აღწერილია თითო-ოროლა შემთხვევები, როცა ვირუსი ინკუბაციური პერიოდის გასვლის შემდეგაც შეიძლება იყოს.

საქართველოში თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მოწყობილია საკარანტინე ზონები. კარანტინის რეჟიმში ამ დროისათვის 4055 ადამიანი იმყოფება. კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 75-ს მიაღწია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 252 პაციენტი რჩება, გამოჯანმრთელდა 10 პირი.

იმერეთის რეგიონში თვითიზოლაციის ვადა დღეს 35-მა მოქალაქემ დაასრულა, საკარანტინო სივრცე სამმა მოქალაქემ დატოვა.

ამ დროისთვის იმერეთში თვითიზოლაციაში 465 ადამიანია, კარანტინში  – 383. აქედან 220 – საირმეში, 14 – წყალტუბოს ყოფილ სამხედრო სანატორიუმში, სასტუმრო „პლაზაში“ – 93, საჩხერეში – 56, მათგან 30 მარნეულიდან, გზის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული მოქალაქეები არიან.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, ხარაგაულში ჩინურ კომპანიაში დასაქმებული მარნეულის მცხოვრებლების თვითიზოლაციას კომპანია აკონტროლებს, თერჯოლაში სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულთა თვითიზოლაციას კი, თვალყურს ადგილობრივი ხელისუფლება ადევნებს.

საკარანტინო სივრცეებიდან ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კლინიკაში დღეს არავინ გადაუყვანიათ.

რაც შეეხება გურიას, თვითიზოლაციაში სულ 97 ადამიანი იმყოფება, აქედან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 14, ოზურგეთში 31, ლანჩხუთში კი 52 პირია თვითიზოლაციაში.

„თვითიზოლაციაში მყოფი პირები რეგულარულად მოწმდებიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. უახლოეს დღეებში ველოდებით სწრაფ ტესტებს, რაც მუშაობას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის“, – განაცხადა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების უფროსმა, არჩილ მჟავიამ.

ამასთან, კარანტინში ამ დროისთვის გურიის რეგიონიდან 24 ადამიანი იმყოფება, შვიდმა პირმა კი დატოვა საკარანტინო სივრცე.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით ჩაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. 21 მარტიდან 21 აპრილამდე კი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს მთავრობამ 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო ზონად გამოაცხადა. ორივე რაიონში მთლიანობაში 200 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მოსახლეობის უმეტესობას აზერბაიჯანელები წარმოადგენენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის ერთ-ერთ ბოლო შემთხვევას უკავშირდება – მარნეულის მკვიდრს, 62 წლის ქალს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დედის დაკრძალვაზე და ქელეხზეც იმყოფებოდა, ვირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ქელეხზე რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა. ინფექციის წყარო კი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0