თბილისი, 25 მარტი — Sputnik. ახალი კორონავირუსის ეპიდემიის ეპიცენტრი შესაძლოა აშშ გახდეს, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარგარეტ ჰარისმა.
მისი თქმით, ამის მტკიცება ჯერჯერობით შეუძლებელია, თუმცა შეერთებულ შტატებში COVID-19-ით გამოწვეული მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარება სრულიად დასაშვებია.
„ახლა აშშ-ში დაავადების შემთხვევების სწარფი ზრდა შეინიშნება. ესე იგი, ქვეყანას ნამდვილად აქვს [ეპიდემიის ეპიცენტრად ქცევის] პოტენციალი“, — განაცხადა ჰარისმა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის აშშ-ში COVID-19-ით ინფიცირებულია 55 225 ადამიანი და ამ მაჩვენებლით ის მესამე პოზიციაზეა ჩინეთისა და იტალიის შემდეგ. სულ ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა 802 და განიკურნა 354 პაციენტი.
აღსანიშნავია, რომ აშშ ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა გამოჯანმრთელებულებისას ჭარბობს. ასეთივე მდგომარეობა შეინიშნება ბრიტანეთში (423 გარდაცვლილი და 140 განკურნებული), ნიდერლანდებში (177 – 3), ავსტრიაში (30 – 9), ნორვეგიაში (13 — 6), ბრაზილიაში (47 — 2) და ზოგ სხვა ქვეყანაში.