თბილისი, 24 მარტი - Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ 40 მლნ აშშ დოლარს გაყიდის ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნის შესაკავებლად, ნათქვამია ქვეყნის მთავარი ფინანსური დაწესებულების ვებგვერდზე.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 100 000 ლარი გადარიცხა >>
ლარის კურსმა ვარდნა 9 მარტს დაიწყო, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში მკვეთრად დაეცა ნავთობის ფასი. 24 მარტისთვის ლარი 24%-ით გაუფასურდა. ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარების გადაწყვეტილება მიიღო და რეფინანსირების განაკვეთი 9%-ის დონეზე დატოვა.
„კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური შოკი და პანდემიის მომავალი განვითარებისა და საქართველოს ეკონომიკაზე მისი გავლენის მოლოდინები ბოლო დღეების განმავლობაში სავალუტო ბაზარზე გაზრდილ მერყეობაშიც აისახა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ამასთან, აღნიშნულია, რომ მიუხედავად გაურკვევლობისა, ეროვნული ბანკი მუშაობს მოსახლეობისთვის ნეგატიური შედეგების მინიმიზაციაზე.
„სავალუტო ბაზრის უცხოური ვალუტით მიწოდების მხარდასაჭერად ეროვნულმა ბანკმა უკვე განახორციელა ორი ინტერვენცია საერთო ჯამში 60 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. ამავე დროს, როგორც ცნობილია, წინა წლებში ხორციელდებოდა რეზერვების დაგროვება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ეროვნული ბანკი აქვე დასძენს, რომ საქართველოს საბანკო სექტორი მთლიანად მზადაა გამოწვევისთვის.
„საბანკო სექტორი ჯანსაღი და მდგრადია, რაც იმის გარანტია, რომ შოკის პიკის გადავლის შემდგომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფად აღდგენას და ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას შეძლებს. სავალუტო ბაზრის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი 25 მარტის აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის“, - ნათქვამია განცხადებაში.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენა 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით ხორციელდება.