საკარანტინო შეზღუდვები მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში: კონკრეტული წესების ჩამონათვალი

© Sputnik / STRINGERკარანტინი მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში
კარანტინი მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან სპეციალური შეზღუდვები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში წუხელ შემოიღო.

თბილისი, 23 მარტი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში წუხელ მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დააწესა.

საკარანტინო რეჟიმის დაწესება აუცილებელი გახდა იმის გამო, რომ მარნეულში დადასტურებული ინფიცირების შიდა გადაცემის შემთხვევა სარიტუალო ღონისძიების დროს მოხდა, რომელსაც ამ ორი რაიონიდან რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა.

კარანტინი საქართველოში: ორ რაიონში სამხედრო ტექნიკა შევიდა>>

ხელისუფლება მოქალაქეებს გარკვეული წესების შესრულებისკენ მოუწოდებს.

კერძოდ, იზღუდება:

  • მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა
  • გადაადგილება, გარდა საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების შესაძენად, სამედიცინო მომსახურების მისაღებად
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა
  • იხურება ყველა ობიექტი, გარდა საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტური ობიექტებისა
  • სასოფლო–სამეურნეო სამუშაოები შესრულდება ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის შესაბამისად.

საზოგადოებრივ წესრიგს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ირაკლი ღარიბაშვილი: ჯარი ყოველთვის იქნება იქ, სადაც სახელმწიფოს სჭირდება>>

ამასთან, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით აღნიშნულ რაიონებში საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში ჩაერთო.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად თავდაცვის ძალებმა საკარანტინო ზონასთან სპეციალური გამშვები პუნქტები მოაწყო.

„საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის ტექნიკა მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიაზე გამთენიისას შევიდა. მთელი ღამის განმავლობაში აღმოსავლეთ სარდლობის პირადმა შემადგენლობამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებთან საკონტროლო-გამშვები პუნქტი 5 ლოკაციაზე მოაწყო. გაიშალა საველე კარვები, სადაც მოქალაქეებს თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი პირველად სამედიცინო შემოწმებას უტარებს. ტერიტორიაზე შემავალი და გამომავალი ავტოტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მარნეულისა და ბოლნისის გარე პერიმეტრს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები პოლიციასთან ერთად გააკონტროლებენ.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა 54, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 5, კარანტინის რეჟიმშია – 3320, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 235.

ყველა ახალი ამბავი
0