თბილისი, 23 მარტი – Sputnik. სამედიცინო კორპორაცია „ევექსის” მმართველი „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” (GHG) დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე ერთ-ერთია იმ დაავადებულთაგან, რომელიც კორონავირუსისგან განიკურნა. ინფორმაცია ჟურნალისტმა გოდერძი შარაშიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. მოგვიანებით პოსტი თავად ნიკოლოზ გამყრელიძემაც დაწერა.
„გაუფრთხილებლობით შეიძლება უბრალოდ მოვკლათ სხვა ადამიანი და ეს ადამიანი შეიძლება ჩვენი ძალიან ახლობელიც აღმოჩნდეს (ეს არ არის გადაჭარბებულად ნათქვამი). ძალიან გთხოვთ, გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რასაც ეპიდემიოლოგები გვაძლევენ, და ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის – სოციალური დისტანცირება", – წერს ნიკოლოზ გამყრელიძე.
მოგვიანებით გამყრელიძემ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ ჯერჯერობით, გამოჯანმრთელებულთა სიაში თავად არაა. სოციალური ქსელიდან განცხადება ჟურნალისტმა გოდერძი შარაშიამაც წაშალა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის შვილს ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდგინეს. ამის შესახებ თავად ნიკოლოზ გამყრელიძემ „ფეისბუქზე“ 7 მარტს დაწერა.
ამ დროისთვის საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 54 შემთხვევა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 5. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3320, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 235. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობის გამო დღეიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.