თბილისი, 22 მარტი - Sputnik. ვანში 18 მარტს ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულმა 30 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა ქალაქ ვანში სუპერმარკეტ „მაგნიტის“ მოლარე-ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა და ფულადი თანხა გაიტაცა.
„სამართალდამცველებმა დაკავებული დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც ბრალდებულმა თვითმკვლელობა სცადა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბრალდებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე სსკ-ის 115-ე მუხლით დაწყებული სისხლის სამართლის საქმე, შემდგომი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე გადაეგზავნა.