თბილისი, 22 მარტი - Sputnik. საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ვერ შეაფერხებს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას და საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ.
საგანგებო მდგომარეობა საქართველოში: რა შეზღუდვები წესდება >>
საქართველოს ხელისუფლებამ 21 მარტს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აჩერებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს, თუმცა, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ოპოზიციის წარმომადგენლებთან და შევჯერდით უმოკლეს ვადებზე, რა ვადებშიც კონსტიტუციისა და რეგლამენტის დაცვით არის შესაძლებელი კონსტიტუციის გადასინჯვა. ეს არის, დაახლოებით, მაქსიმუმ, ერთთვიანი ვადა, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, საბოლოო ჯამში, ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეაფერხებს საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებითაც ცვლილებების მისაღებად საკმარისი დრო რჩება.
ადრე პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა სატელევიზიო ფორმატში ჩატარდეს.
რას გულისხმობს კანონპროექტი
პარლამენტში შესული კანონპროექტის თანახმად, 2020 წლის არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება.
კერძოდ, 150 ადგილიდან 120 გადანაწილდება პარტიებს შორის, რომლებიც 1%-იან ბარიერს გადალახავენ, ან ბლოკებს შორის, რომლებიც, სულ მცირე, ხმების იმდენივე პროცენტს მიიღებენ, რამდენი სუბიექტიც შედის ამ ბლოკში. დანარჩენი ადგილები გადანაწილდება 30 ერთმანდატიან ოლქში გამარჯვებულებს შორის.
ყველაზე მეტი ოლქი იქნება თბილისში – რვა. დანარჩენი 22 განაწილდება 10 რეგიონზე.
არსებული სისტემისგან განსხვავებით, ადგილების გადანაწილება პარლამენტში პარტიებს შორის ახალი ფორმულით მოხდება, რომელიც ითვალისწინებს პროპორციული არჩევნების შედეგებზე ორიენტირებას.
ამ ფორმულით პარტია ან ბლოკი, ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შემთხვევაშიც კი, არჩევნების შედეგად მიიღებს იმაზე მხოლოდ ერთი მეოთხედით მეტ მანდატს, ვიდრე მას პროპორციული არჩევნების შედეგად ეკუთვნის.
თუ არჩევნების შედეგების დათვლის შემდეგ პარტიას ან ბლოკს დაწესებულ ლიმიტზე მეტი მანდატი აღმოაჩნდება, მათ იმ პარტიებსა და ბლოკებს შორის გადაანაწილებენ, რომლებიც საარჩევნო ბარიერს გადალახავენ.
ვის შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პარტიებს, რომლებიც ცესკოს წარუდგენენ არანაკლებ 5 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერას, ასევე პარტიებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში და მიიღეს არანაკლებ 15 ათასი ამომრჩევლის ხმა, ასევე პარტიებს, რომელთა საპრეზიდენტო კანდიდატმა მიიღო არანაკლებ 15 ათასი ამომრჩევლის ხმა.