მაჭავარიანი: „განვიხილავთ გარკვეული ტიპის დენის ვაუჩერს“

© Sputnik / Vladimir Umikashviliივანე მაჭავარიანი
ივანე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სოციალური დაცვის მექანიზმებზე მსჯელობს, დენის ვაუჩერის გარდა განიხილება საშემოსავლო გადასახადის დათმობა, რათა დამსაქმებლებმა თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდა შეძლონ

თბილისი, 22 მარტი - Sputnik. განიხილება დენის ვაუჩერი მოქალაქეებისთვის, ასევე ბიზნესს შეიძლება მოეხსნას საშემოსავლო გადასახადი, რათა მათ თანამშრომლებს ხელფასები შეუნარჩუნონ, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ელექტროგადამცემი ხაზი - Sputnik საქართველო
თურნავა: ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით შეფერხებებს არ ველოდებით

მთელს მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემია გამოცხადდა. საქართველოში პირველი ინფიცირებულის შესახებ ცნობილი 26 თებერვალს გახდა. საჯარო სამსახურები და კერძო ორგანიზაციების ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. დაიკეტა კაფეები, რესტორნები და სხვა ობიექტები. ფუნქციონირებს მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები  და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტები. უამრავი ადამიანი უმუშევარი დარჩა. მთავრობა ცდილობს სოციალური დაცვის მექანიზმები შექმნას.

„საუბარია სოციალური დაცვის მექანიზმებზე, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უკიდურესად გაუჭირდებათ ცხოვრება, იმიტომ რომ ან სამსახური დაკარგეს დროებით, ან შემოსვლის წყარო შეუმცირდათ. ამ მიმართულებით მიდის მუშაობა. როდესაც კრიზისულ ბიუჯეტზე ვსაუბრობთ, ჩვენ ამ ბიუჯეტზე ვმუშაობთ და დღესაც, ამ შეხვედრის მერე უნდა გადავაწყოთ ბიუჯეტი ამ სულისკვეთებით. მარტივად გეტყვით, საუბარია დენის ვაუჩერზე, რომლითაც შეიძლება შევამსუბუქოთ ადამიანების ყოფა, ასევე, მეორე მხრივ, ბიზნესთან ერთად ვისაუბროთ, რომ მათ გააგრძელონ ხელფასის გადახდა და ჩვენ საშემოსავლოს ვალდებულებას მოვუხსნით. ასე რომ, სხვადასხვა ვარიანტი განიხილება. ჩვენ ბიუჯეტის სოციალური მიზანშეწონილობის მიხედვით გადაგეგმვას ვაპირებთ, მაგრამ ამავდროულად ეკონომიკური სტიმულირების პაკეტზეც ვსაუბრობთ“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რა ოდენობის თანხას დაფარავს დენის ვაუჩერი, რა კატეგორიის მოქალაქეებზე გავრცელდება და რა პერიოდს დაფარავს.

საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა >>

22 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 54-ს მიაღწია, კარანტინში 2 956 ადამიანია, კიდევ 291 ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა. შაბათს 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ყველა ახალი ამბავი
0