ამირან გამყრელიძე: „ჯერჯერობით საქართველოში სწრაფი ეპიდაფეთქება არ ფიქსირდება“

გამოწერა
კორონავირუსის პანდემიის დროს ეპიდემიოლოგების მთავარი რეკომენდაცია სოციალურ დისტანცირებას გულისხმობს.

თბილისი, 22 მარტი - Sputnik. სწრაფი ეპიდაფეთქება ჯერჯერობით არ ფიქსირდება ქვეყანაში, ამიტომაც ვფიქრობთ, რომ საგანგებო მდგომარეობა ხელს შეუწყობს ფართომასშტაბიანი ეპიდემიის პრევენციას, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევთა დაკავება - Sputnik საქართველო
საქართველოს ხუთ რეგიონში პოლიციამ იძულებით კარანტინში 10 პირი გადაიყვანა

22 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 54-ს მიაღწია, კარანტინში 2 956 ადამიანია, კიდევ 291 ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, ზედმიწევნით დაიცვას ეპიდემიოლოგების ყველა რეკომენდაცია, მათ შორის უმთავრესი - სოციალური დისტანცირება.

„სწრაფი ეპიდაფეთქება ჯერჯერობით არ ფიქსირდება ქვეყანაში, ამიტომაც ვფიქრობთ, რომ საგანგებო მდგომარეობა, რაც გუშინ სახელმწიფომ გამოაცხადა, ხელს შეუწყობს ფართომასშტაბიანი ეპიდემიის პრევენციას. დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც ვიძლევით და ახლა ყველაზე მთავარი რეკომენდაცია სოციალური დისტანცირებაა. ყველამ დავიცვათ ის მთავარი რეკომენდაცია, რადგან სოციალურ დისტანცირებაზე კარგი იარაღი და ღონისძიება ეპიდემიის შეჩერებისა და მისი ნელი განვითარების, არ არსებობს. თავი ავარიდოთ დიდი თავშეყრის ადგილებს, იგივე სახლებში ორ-სამ ადამიანზე ბევრი არ დავპატიჟოთ. თავი ავარიდოთ და არ გადავიხადოთ დიდი დღესასწაულები. მოგეხსენებათ, ახლა ეს კანონითაც აკრძალულია და მივყვეთ ყველა იმ რეკომენდაციას, რასაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გულისხმობს. მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ამ გამოწვევას გავუმკლავდებით“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტიდან ერთ-ერთი ბავშვია

მისი თქმით, ეპიდკონტაქტები ჯერჯერობით კონტროლს ექვემდებარება.

„ვიცით ყველას წარმომავლობა, ვაკონტროლებთ ეპიდკონტაქტებს, მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა, განსაკუთრებით  ბოლო ხუთი შემთხვევისა, რომელიც ამ გამთენიას დაფიქსირდა. აქედან სამი ახალი გახლდათ ლუგარის ცენტრში, ერთი ბათუმმა დააფიქსირა და ერთი თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია დაახლოებით ემთხვევა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ადრე გაკეთებულ პროგნოზებს.

„გუშინ 193 ადამიანი გავიდა თვითიზოლაციიდან, რაც ნიშნავს, რომ ისინი საფრთხეს აღარ წარმოადგენენ. სამ კვირაზე მეტია, რაც დაფიქსირდა ქვეყანაში ინფექციის პირველი შემთხვევა, ვპროგნოზირებდით, რომ ზრდა გვექნებოდა და დაახლოებით მივდივართ იმ პროგნოზის ფარგლებში, რაც ჩვენი ერთ-ერთი სცენარით იყო განსაზღვრული“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ სამ გამოჯანმრთელებულ პაციენტზეც ისაუბრა, რომლებმაც გამოჯანმრთელების შემდეგ ორი კვირა თვითიზოლაციაში უნდა დაჰყონ.

„იცით, რომ საქართველოში უკვე გამოჯანმრთელდა სამი პაციენტი. ერთი გამოჯანმრთელებული იყო, ორი გუშინ და დღეს. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ 24 საათში ჰქონდათ ორი უარყოფითი რეაქცია პისიარ ვირუსის ანტიგენზე. ისინი გამოჯანმრთელდნენ, ვირუსი განულდა ორგანიზმში, მაგრამ მათ ყველას, ჩვენი პროტოკოლით ურჩიეს, რომ გამოჯანმრთელების შემდგომ ორი კვირა უნდა დაჰყონ თვითიზოლაციაში და მათ აუცილებლად ეს პირობები უნდა დაიცვან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ყველა ახალი ამბავი
0