საქართველო და კორონავირუსი: რომელი მაღაზიები იმუშავებს

© REUTERS / MUHAMMAD HAMEDმოლარე სუპერმარკეტში
მოლარე სუპერმარკეტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში გააკონტროლებენ სავაჭრო ობიექტებს, რათა ვერცერთმა მეწარმემ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები არ დაარღვიოს

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. საქართველოს სოფლის მეურნეობის სურსათის სააგენტომ დაასახელა ის სავაჭრო ობიექტები, რომლებიც კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დროს იმუშავებენ - ეს არის სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები, ბაზრები და რამდენიმე წარმოება.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება >>

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მთავრობამ გასცა რეკომენდაცია დაიხუროს მთელი რიგი სავაჭრო ობიექტი და სურსათის სააგენტოს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი დაავალა.

ბიზნესოპერატორების ჩამონათვალი, რომლებიც განაგრძობენ ფუნქციონირებას: აფთიაქები, სასურსათო მაღაზიები, ზოომაღაზიები, საწყობები, აგრარული ბაზრები, ცხოველთა ბაზრები, სასუქის მაღაზიები. საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიები, ასევე ბენზინგასამართი სადგურები.

თვითიზოლაციის წესის დამრღვევთა დაკავება - Sputnik საქართველო
თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისათვის კარანტინში კიდევ 39 ადამიანი გადაიყვანეს

გარდა ამისა, იმუშავებენ საცხობები, ცხოველთა სასაკლაოები სურსათის მწარმოებელი/გადამამუშავებელი სხვა საწარმოები, სამაცივრე მეურნეობები, ცხოველის საკვების გადამამუშავებელი საწარმოები და დისტრიბუტორები, ვეტერინარული კლინიკები, ვეტაფთიაქები, ცხოველთა ფერმები, ლაბორატორიები.

საზოგადოებრივი კვების ობიექტები იმუშავებენ, თუმცა დაიშვება მხოლოდ მიწოდების სერვისი.

პერსონალმა უნდა გამოიყენოს ერთჯერადი პირბადე, თავსაბურავი და ხელთათმანი.

21 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 48-ს მიაღწია. ერთი პაციენტი განიკურნა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით ჩაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს კარანტინში გადაიყვანენ.

ქვეყანაში დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების ნაწილი. დახურულია კაფე-ბარები და რესტორნები, აბანოები, სპორტული დარბაზები. არ მოძრაობენ სამარშრუტო ტაქსები.

მთავრობამ სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მუშაობენ ასევე ბენზინგასამართი სადგურები და ბანკები. გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

ყველა ახალი ამბავი
0