თბილისი, 21 მარტი - Sputnik. კახეთში მყოფ ერთ-ერთ მოქალაქეს, რომლის სინჯები გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა, ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა.
21 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 49 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ერთი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1966, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 ადამიანია.
კახეთის რეგიონში ამ დრომდე ვირუსის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
ხიზანიშვილის ინფორმაციით, ამ დროისათვის კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა 339-მდე გაიზარდა, საკარანტინო სამ სივრცეში კი, 155 მოქალაქეა მოთავსებული.
ამასთან, რეგიონში თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევის გამო, გასული დღე-ღამის განმავლობაში კარანტინში ორი მოქალაქე გადაიყვანეს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. სხვა შეზღუდვებთან ერთად, იკრძალება 10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრება.
საგანგებო მდგომარეობა საქართველოში: კიდევ რა შეზღუდვებია მოსალოდნელი >>
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით ჩაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს კარანტინში გადაიყვანენ.
ქვეყანაში დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების ნაწილი. დახურულია კაფე-ბარები და რესტორნები, აბანოები, სპორტული დარბაზები. არ მოძრაობენ სამარშრუტო ტაქსები.
მთავრობამ სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მუშაობენ ასევე ბენზინგასამართი სადგურები და ბანკები. გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.