თბილისი, 19 მარტი - Sputnik. უცხო ქვეყნებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სპეციალისტები რეკომენდაციებს თბილისიდან ონლაინ–რეჟიმში გაუწევენ, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, უცხო ქვეყნებში საქართველოს იმ მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც კორონავირუსით არიან დაინფიცირებულები, საკონსულოების მიერ მუდმივ რეჟიმში აღირიცხება.
ასევე, თბილისში გამოიყოფა რამდენიმე სპეციალისტი, რომლებიც უცხო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს რეკომენდაციებს ონლაინ–რეჟიმში გაუწევენ.
„ჩვენი საკონსულოები 24-საათიან რეჟიმზე არიან გადასული და ხდება ზუსტი აღრიცხვა ყველა ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებულ ჩვენს მოქალაქეებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ვიმყოფებით მუდმივ კავშირზე დაავადებათა კონტროლის ცენტრთან. ჩვენ შევთანხმდით დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, რომ თბილისში გამოიყოს რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ ზუსტი პასუხი გასცენ ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა ზალკალიანმა.
19 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 40–ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა ერთი. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1592 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 262.