საქართველოში კომუნალურ გადასახადებს გადაავადებენ? ეკონომიკის სამინისტრო განმარტავს

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება კომუნალური გადასახადების გადავადების შესაძლებლობას ჯერჯერობით არ განიხილავს

თბილისი, 18 მარტი - Sputnik. ამჟამად საქართველოში კომუნალური გადასახადების გადავადების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

მთავრობა: ქვეყანაში სურსათის საკმარისზე მეტი მარაგია >>

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ზოგიერთი ორგანიზაცია დაიკეტა და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უმუშევარი დარჩა.

„რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კომუნალური მომსახურების მომწოდებელი კომპანიები, იქნება ეს „თელასი“, „ენერგოპრო“ თუ „თბილისი ენერჯი“, კერძო კომპანიები არიან, მათაც საკმაოდ რთული პერიოდი უდგათ დღეს, როგორც ნებისმიერ სხვა ბიზნესს, რადგან საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვთ გადასაწყვეტი. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით საუბარი იმაზე, რომ კომუნალური გადასახადები გადავადდება ან არ უნდა იქნეს გადახდილი, არ დგას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, სახელმწიფო გაგებით ეკიდება შექმნილ რთულ ვითარებას და ბიზნესს სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში ეხმარება.

ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას

 „ბევრი ფინანსური პრობლემა დაგვიდგა ყველას, საქართველოს მოქალაქეებს. ძალიან კარგია, რომ ბანკები გაგებით ეკიდებიან ამას და სამი  თვით ხდება რესტრუქტურირება სესხების. ასევე ის, რომ ჩვენ ბიზნესებს ვუწევთ შეღავათებს, გვაძლევს საშუალებას, ეს ადამიანები დასაქმებული იყვნენ და ბიზნესებმა მაქსიმალურად შეინარჩუნონ თანამშრომლები და გადაიხადონ ხელფასი“, - აღნიშნა თურნავამ.

როგორც ამასწინათ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კორონავირუსის გამო შექმნილმა ვითარებამ ქვეყნის ეკონომიკას მძიმე დარტყმა არ მიაყენოს. მისივე თქმით, მთავრობა მუშაობს კრიზისის პერიოდში სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნებაზე.

დღეისათვის საქართველოში დაფიქსირებულია კორონავირუსით დაავადების 38 შემთხვევა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადებულა, თუმცა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დაწესებულებების ნაწილი დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადაიყვანოს, დახურა სასწავლო დაწესებულებები და შეზღუდა მოქალაქეთა გადაადგილება სახელმწიფო საზღვრებზე.

ამასობაში, კორონავირუსის გამო შექმნილმა ვითარებამ აზარალა კერძო სექტორი, განსაკუთრებით, ტურიზმის სფერო: დაიხურა სასტუმროები, რესტორნებისა და ბარების ნაწილი, უმუშევრად დარჩნენ გიდები და სფეროს სხვა მუშაკები.

 

ყველა ახალი ამბავი
0