თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ევროპიდან თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების საკითხზე მუშაობს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია Rustavi 2-ის გადაცემაში „ღამის კურიერი“.
კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყნების უმეტესობამ, მათ შორის საქართველომ, ავიამიმოსვლა ბევრი მიმართულებით გააუქმა. საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც ვერ მოახერხეს დროულად გამოფრენა სამშობლოში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ჩარჩნენ, საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანაში დასაბრუნებლად დახმარებას სთხოვენ.
„ამ ქვეყნებში საგარეო საქმეთა სამინისტრო და დიპლომატიური წარმომადგენლობები ამ ადამიანების იდენტიფიცირებასა და მათი პრობლემების გადაჭრაზე მუშაობენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი სახლებში დაბრუნება კონსოლიდირებულად მოხდეს. ამისთვის ჩვენ საერთაშორისო კომპანიებთან ვმუშაობთ, რამდენადაც ვხვდებით, რასაც ნიშნავს რეისების გაუქმება“, – განაცხადა გახარიამ.
მისი სიტყვებით, დაინიშნება ჩარტერული რეისები იმ ქალაქებიდან, საიდანაც შესაძლებელი იქნება საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა.
18 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 38 ადამიანს დაუდასტურდა, ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარანტინში მყოფთა რიცხვმა კი 1300-ს გადააჭარბა.
კორონავირუსის პანდემიის გამო 18 მარტიდან უცხოეთის მოქალაქეებს, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა ეკრძალებათ.
საქართველომ ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით საზღვრები დაკეტა სომხეთთან და აზერბაიჯანთან. რუსეთთან დაიკეტა სახმელეთო საზღვარი. რაც შეეხება თურქეთს, დაიკეტა მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი.
გარდა ამისა, საქართველოში დაწესებულია სავალდებულო კარანტინი ჩინეთიდან, ირანიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, ნორვეგიიდან და დანიიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის.
ქვეყანაში დახურულია ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო სამსახური და კერძო ორგანიზაციების ნაწილი. ეკლესიებში მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები.
ამასთანავე, გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.
საქართველოს მთავრობა სილამაზის სალონებს, კაფე-ბარებს, გასართობ ცენტრებს, სამორინეებსა და ტოტალიზატორებს ურჩევს, დროებით შეწყვიტონ მუშაობა.