თბილისი, 17 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ საკოორდინაციო საბჭოზე გადაწყდა, რომ 18 მარტიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალოს.
პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით, სამარშრუტო ტაქსები კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კერაა.
გახარიამ აღნიშნა, რომ მთავრობის რეკომენდაციების შესრულება ყველასთვის სავალდებულოა, მაგრამ პანიკის საფუძველი არ არის. დარჩება მერიის ტრანსპორტი და მეტრო, რომლებშიც ყოველდღიურად ჩატარდება დეზინფექცია.
რაღაც მომენტში შეიძლება დადგეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა, თუმცა დღეს ქვეყანაში ამის საჭიროება არ არის, განაცხადა პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 34 ადამიანია, ერთი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 1008 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პაციენტია.