თბილისი, 16 მარტი – Sputnik. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაზე და ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე იმსჯელეს დღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით გაიმართა, იუწყება საქართველოს მთავრობა.
უწყების ცნობით, სხდომაზე, ეროვნული უსაფრთხოების ჭრილში განიხილეს ქვეყანაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების ფონზე შექმნილი ვითარება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხით არსებულ რისკებსა და გამოწვევებს მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივებში.
ამასთან, საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეს არ დგას ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა, თუმცა საქართველოს მთავრობა პირველივე დღიდან მიჰყვება კონკრეტულ სამოქმედო გეგმას და გადაწყვეტილებებს მოვლენების განვითარების შესაბამისად მიიღებს.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ერთ-ერთი მიზეზი, როცა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება შეუძლია, ეპიდემიის დროს უსაფრთხოების დაცვაა.
კორონავირუსის გამო ბოლო დღეებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა აშშ-სა და ევროპის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, ჩეხეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, ბულგარეთში, ლატვიაში, სომხეთში, უნგრეთსა და ესპანეთში.