იზოლირებულია 30 ადამიანი, რომელთაც ჩეხ ტურისტებთან ჰქონდათ კონტაქტი

გამოწერა
ჩეხმა ტურისტმა ქართულ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა, თუ რა მარშრუტით გადაადგილდებოდა, რომელ სასტუმროებში იყო გაჩერებული და ვისთან ჰქონდა კონტაქტი.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. 30 ადამიანი, რომლებსაც ჰქონდათ კონტაქტი კორონავირუსით ინფიცირებულ ჩეხეთის მოქალაქესთან, იზოლირებულია, სამ მათგანს საეჭვო სიმპტომები აღენიშნება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. 

საპყრობილე - Sputnik საქართველო
წულუკიანი: საქართველოს ციხეებში მსჯავრდებულებსა და მედპერსონალს შორის ინფიცირებული არ არის

დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩეხეთისა და სლოვაკეთის მოქალაქეებს, რომლებიც მარტში გუდაურში იმყოფებოდნენ, სამშობლოში კორონავირუსი აღმოაჩნდათ. დაიკეტა კურორტის ერთ-ერთი რესტორანი, რომელსაც ყოველდღიურად სტუმრობდნენ უცხოელები. რესტორნის ორ თანამშრომელს მაღალი ტემპერატურა აქვს.

ტიკარაძის სიტყვებით, მიმდინარეობს აგრეთვე სხვა პირების მოძიება, რომლებსაც შესაძლოა კონტაქტი ჰქონოდათ უცხოელ ტურისტებთან.

„ამ ეტაპზე იზოლირებულია 30 ადამიანი და მიმდინარეობს დამატებითი კონტაქტების შესწავლა, რათა სიმპტომების გამოვლენამდე ყველა ეს პირი იზოლაციაში იყოს. მინდა მოვუწოდო და დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები – თუ ისინი იმ პერიოდში გუდაურში იმყოფებოდნენ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მათ აუცილებლად შეიძლება ჰქონდეთ კორონავირუსი, რამდენადაც კორონავირუსი გადაეცემა მაშინ, როდესაც ადამიანს ინტენსიური კონტაქტი აქვს 15 წუთის განმავლობაში და მათ შორის მანძილი ერთ მეტრზე ნაკლებია. თუ ეს შეზღუდვა იყო დაცული და ამ დროის განმავლობაში დამატებითი კონტაქტი არ ყოფილა, მაშინ ეს ადამიანები უკვე არ შედიან რისკ–ჯგუფში", – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი სიტყვებით, გამომდინარე იქიდან, რომ პრევენციული ზომები ძალზე კარგ ეფექტს იძლევა, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კიდევ უფრო გაამკაცროს ღონისძიებები.

ტიკარაძემ ჩეხეთის მოქალაქეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის მადლობა გადაუხადა. მისი სიტყვებით, მან წარმოადგინა დეტალური ინფორმაცია, ფოტომასალა, სასტუმროებისა და ლოკაციის მისამართები, ასევე იმ ავტომობილების ნომრები, რითიც გადაადგილდებოდა. აღნიშნული მონაცემები ქვეყნის ოპერატიულ სამსახურს ყველა იმ მოქალაქის იზოლირებაში დაეხმარა, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ ამ ადამიანთან. 

გუდაური - Sputnik საქართველო
ნათია თურნავა: ზამთრის კურორტებზე სეზონის დახურვა სწორი ნაბიჯია

16 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 33 ადამიანს დაუდასტურდა, ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რეგიონში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველო უცხოელი მოქალაქეებისთვის საზღვრებს სრულად კეტავს, განაცხადა მთავრობის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა. გადაწყვეტილება ძალაში 18 მარტიდან შევა. ასევე საქართველოს მთავრობამ სამთო–სათხილამურო კურორტებზე ზამთრის სეზონის ვადაზე ადრე დასრულების შესახებ განაცხადა.

თავად ქვეყანაში დაკეტილია ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების ნაწილი. ეკლესიებში ტარდება დეზინფექცია, ხოლო სხვადასხვა კონფესიების ტაძრებში რიგი მსახურება შეწყვეტილია.

ასევე ქვეყანაში გაუქმდა ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

საქართველოს მთავრობამ სილამაზის სალონების, კაფე-ბარების, გასართობი ცენტრებისა და ტოტალიზატორების დახურვის რეკომენდაცია გასცა. გარდა ამისა, მთავრობა 60 წელს ზემოთ ასაკის პირებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისგან.

ყველა ახალი ამბავი
0