თბილისი, 15 მარტი — Sputnik. თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის ოზურგეთიდან შვიდი ადამიანი იძულებით გადაიყვანეს ბათუმის საკარანტინო სივრცეში, იუწყება „პირველი არხი“.
მანამდე საქართველოს მასშტაბით, თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის, იძულებით კარანტინში 22 პირი იყო გადაყვანილი.
ამ დროისათვის გურიაში თვითიზოლაციაში 41 პირი იმყოფება. აქედან, რვა ლანჩხუთში, ცხრა – ჩოხატაურში, 24 კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.
„ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათ კი, ვინც არ დაემორჩილება წესს, მოუწევს კარანტინში გადაყვანა. სწორედ ამ მოტივით, უახლესი ინფორმაციით, ოზურგეთიდან შვიდი პირი გადაყვანილია კარანტინში“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების უფროსმა არჩილ მჟავიამ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 30 ადამიანს შეადგენს. აქედან პირველი ინფიცირებული, როგორც პირველმა ტესტმა აჩვენა, უკვე გამოჯანმრთელდა, თუმცა მყარი პასუხის მისაღებად ამ დროისათვის მას დამატებითი ტესტი უტარდება და პასუხი მოგვიანებით იქნება ცნობილი.
ჯონ ჰოპკინსის ცენტრის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის მსოფლიოს 142 ქვეყანაში კორონავირუს COVID 19–ით ინფიცირებულია 156 400 ადამიანი. აქედან გარდაცვლილია 5 833 და განკურნებულია 73 968 პაციენტი.