თბილისი, 13 მარტი – Sputnik. სამივე პირს, რომლებსაც ახალი კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ, კონტაქტი ჰქონდათ მაღალი რისკის მქონე ქვეყნების წარმომადგენლებთან, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.
15 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში – 637 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 54.
„ეს პაციენტები არიან საშუალო ასაკის პირები. ერთი მამაკაცი და ორი ქალბატონი. სამივე იყო კონტაქტში უცხოელებთან მაღალი რისკის ქვეყნებიდან. იმედისმომცემია ის, რომ საქართველოში მეოთხეული გადაცემა არ ყოფილა, როცა პაციენტმა არ იცის, თუ ვისგან დაინფიცირდა. სამივე ადამიანმა იცის, თუ ვისთან იყვნენ კონტაქტში. სამივე კარანტინში ან თვითიზოლაციაში იყო“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ქვეყანაში პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ინფიცირებული პირებიდან 2 შემთხვევა ირანს უკავშირდება, ერთი ესპანეთს, ხოლო დანარჩენი პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.
ამ დროისათვის მსოფლიოს 142 ქვეყანაში კორონავირუს COVID 19–ით ინფიცირებულია 156 400 ადამიანი. აქედან გარდაცვლილია 5 833 და განკურნებულია 73 968 პაციენტი.
ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, შეიქმნა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს. სამინისტროები და უწყებები 24–საათიან საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.