თბილისი, 14 მარტი – Sputnik. საქართველოს მთავრობა, კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, კაზინოებს, სლოტკლუბებსა და ტოტალიზატორებს მიმართავს რეკომენდაციით, დროებით შეაჩერონ მუშაობა, რათა მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული კორონავირუსის გავრცელების საფრთხე.
„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო რეკომენდაციას აძლევს მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ კაზინოებს, სლოტკლუბებს და ტოტალიზატორებს, კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, დროებით შეაჩერონ მუშაობა, რათა თავიდან იყოს აცილებული დახურულ სივრცეებში მოქალაქეთა ინტენსიური კონცენტრაციისგან თავის არიდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საკოორდინაციო საბჭო ასევე მოუწოდებს სექტორში მოქმედ კერძო ბიზნესს, რომ შექმნილი ვითარების ფონზე, გამოავლინონ „მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინება არ ასახონ თანამშრომელთა შრომით ანაზღაურებაზე“.
თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისათვის კარანტინში კიდევ ათი ადამიანი გადაიყვანეს>>
14 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში – 418 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 54.